„ახალგაზრდა ადვოკატები“ – გვჯერა, მარიკა არევაძე პოზიტიურ როლს შეასრულებს ეთიკის კომისიის მუშაობაში

17 დეკემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წევრის, მარიკა არევაძის არჩევას ეხმაურება და პროფესიული საზოგადოების არჩევანს ეთიკის კომისიის მომავალი საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანს უწოდებს. მარიკა არევაძე ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს და ის 40-დან 12 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა შორის აღმოჩნდა.

„გვსურს ქალბატონ მარიკა არევაძეს მივულოცოთ მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად არჩევის გამო. მიგვაჩნია, რომ მარიკა არევაძე, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შეასრულებს კომისიის შემდგომ საქმიანობაში. ადვოკატის ეთიკის კოდექსის განუხრელად დაცვა და რეგისტრირებულ საჩივრებზე სამართლიანი გადაწყვეტილებებისა და ეთიკური სტანდარტების დანერგვას, პროფესიის განვითარებისთვის, არსებითი დატვირთვა გააჩნია. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრები, ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად ესმით პროფესიული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის საკითხი“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის: მარიკა არევაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა ადვოკატთა კორპუსს ასოციაციის ეთიკის საბჭოს წევრობის კანდიდატად 2017 წლის 3 დეკემბრის გუნდის პრეზენტაციაზე წარუდგინა. მარიკა არევაძეს გააჩნია საადვოკატო საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება,  არის საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრი, დღემდე ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ლექტორი, არაერთი საჯარო ინტერესის მქონე საქმის ავტორი. 2012 წლის ივლისიდან არის „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრი. ამჟამად, ხელმძღვანელობს „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფს“ და არის „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ დირექტორი. 



კომენტარები