„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2020 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

28 დეკემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2020“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვებისა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, საზოგადებას ანგარიში გადაცემის სახით წარუდგინა. ამასთან, ცვლილება შევიდა დაჯილდოვების ფორმატში და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის გათვალისწინებით, ნომინანტებს ჯილდო ინდივიდუალურ რეჟიმში, ორგანიზაციის ახალ სამუშაო გარემოში გადაეცა, ნაწილს კი ადგილსამყოფელის მიხედვით გაეგზვანა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. 2020 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. ჯილდო გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:

  • „ღია სასამართლო ინსტანცია“ – სიღნაღის რაიონული სასამართლო
  • „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
  • „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი
  • „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ  „112“
  • „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – გამომცემლობა „უნივერსალი“
  • „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – ახალგაზრდული ლიტერატურული გადაცემა: „წიგნების თარო”;
  • „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – გადაცემა „საქმე“, ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“
  • „საზოგადოების ხმა“ –  გადაცემა: „ღამის კურიერი“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“
  • „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – ახალი ამბების სააგენტო iPress.ge

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2020“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:

  • რეზი ხუციშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა „მოამბე“
  • ლიკა ალელიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 
  • ელიტა ანდღულაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 
  • დავით ყურაშვილი, ტელეკომპანია „იმედი“, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“  
  • ირაკლი მაისურაძე, ტელეკომპანია „მაესტრო“
  • ირაკლი ყურაშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ალეკო გვეტაძე, „Euronews Georgia“
  • სანდრო ვეფხვაძე, ტელეკომპანია „POSTV”
  • მირანდა ჭარხალაშვილი, ტელეკომპანია „ობიექტივი“
  • ბელა გელაშვილი, ახალი ამბების სააგენტო: „Report.ge“
  • ნინო გოლოშვილი, მედია-ჰოლდინგი „კვირა“
  • მიშა ვარძელაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „პირWელი“
  • გიორგი გირკელიძე, მედიასახლი „გურიანიუსი“

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წლის საპატიო ჯილდო და ნომინაცია - „ორგანიზაციის მეგობარი“, 2020 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატსა და უფლებადამცველს, ნიკა სადრაძეს, რომელმაც 2020 წელს ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და პროფესიული ერთგულების მაგალითი აჩვენა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წელი მნიშვნელოვანი აღიარებით დაასრულეს. ორგანიზაციას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ნიკა რაჭველის მხრიდან გადაეცა სპეციალური ჯილდო, რითაც ორგანიზაცია 2020 წელს ბავშვთა უფლებების ადვოკატირებისთვის საუკეთესო ორგანიზაციად დასახელდა. 2020 წელი გუნდმა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადა და წლის მანძილზე, ბავშვთა უფლებებზე მუშაობა გახდა პრიორიტეტული. ორგანიზაციამ შეაფასა ბავშვთა სიღარიბის პრობლემა, იმუშავა არასრუწლოვანთა დასაქმების გამოწვევებზე, პანდემიის პერიოდში, მოზარდების უფლებებზე, არაერთი შეფასება წარმოადგინა ბავშვთა უფლებების კოდექსის ახალ მიდგომებსა და ტენდენციებზე. ქართულ სასამართლოში აწარმოა ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებული არაერთი საქმე, მათ შორის საქმე „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში. ქართულ სასამართლოში, ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით წარმოებულ საქმეზე, მოიგო პირველი დავა. წარმოადგინა დასკვნები და შეფასებები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარვეზებსა და ინსტიტუციურ პრობლემებზე. ორგანიზაცია გახდა ახალგაზრდა კომპოზიტორ ცოტნე ზედგინიძის ინტერესების დამცველი და უზრუნველყო მასთან ერთად, არაერთი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვა სასამართლოში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2020 წელი, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სხვადასხვა გამოხამურებით იყო მნიშვნელოვანი. აქტიური მუშაობა დაეთმო პანდემიის შედეგად სამართლებრივი გარემოს შეფასებებს, კანონის უზენაესობის საკითხებს, საპარლამენტო არჩევნებსა და საზოგადოებრივი განწყობების დადგენას, მომხმარებელთა უფლებებს, სტუდენტების წინაშე მდგარი პრობლემების კვლევას, დედაქალაქის პრობლემებს. გამოქვეყნდა დასკვნები, მონიტორინგები და კვლევები. ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სრულად დაიცვა პანდემიის გამო დადგენილი რეგულაციები, წლის მანძილზე საქმიანობა განახორციელა ნაწილობრივ დისტანციური წესით, უზრუნველყო გუნდის უწყვეტობა, მომხმარებლებთან მიმართებით მიიღო პროფესიული და კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე გადაწყვეტილებები, გააჩნდა წარმატებული სამართალწარმოება და უარი არ უთქვამს დისტანციური წესით მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2021 წელი საქმიანობაში შრომითი უფლებების დაცვის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის შეფასებით, გადაწყვეტილება ეფუძნება სფეროში არსებულ გამოწვევებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად რთული პანდემიამ და მისმა შედეგებმა გახადა. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებების იმპლემენტაცია იწვევს ცალკე ყურადღებას. ამ კუთხით, ინტერესს არ კარგავს სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზიც და კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება შრომის უსაფრთხოების თემატიკა. 2020 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთი დავა აწარმოეს, რომელიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საკითხებს შეეხება და გუნდის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია 2021 წელს სფეროს მეტი გამოხმაურება დაეთმოს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოსცეს წლის საქმიანობის შესახებ ტრადიციული ჟურნალიც, რომლის პრეზენტაციაც საქმიანობის შემაჯამებელ გადაცემაში მოხდა და უკვე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდის მეშვეობით. ჟურნალის პირველი გვერდის თემატიკა პანდემიის თემატიკას შეეხება, სადაც ჩანს ადამიანებისგან თავისუფალი თბილისის მთავარი ადგილი - თავისუფლების მოედანი, წინასიტყვაობა კი ქართველი ექიმების მიმართ, ბევრი გადარჩენილი სიცოცხლისთვის, განსაკუთრებული მადლობით იწყება.

ამასთან, ორგანიზაციამ 2020 წლის საქმიანობის შესახებ საზოგადოებას შესთავაზა ტრადიცული ვიდეო-რგოლიც. წლის ბოლოს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განცხადება გააკეთა ორ ინიციატივაზეც, რომლის თანახმადაც, 2021 წელს, გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, განახლდება აღმასრულებელი გუნდი და ორგანიზაცია ახალი ფორმატით, ასევე განახლებული სარედაქციო კოლეგიითა და ახალი პერიოდიკით, პროფესიულ საზოგადოებისთვის განაახლებს სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას.



კომენტარები