ისტორია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნდა 2012 წლის 9 ივლისს. ორგანიზაციის დევიზია: „ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა“. ორგანიზაცია წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტებით დაკომპლექტებულ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას.
 
ორგანიზაცია მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური საკითხების განხილვაში, წარადგენს შეფასებებსა და განცხადებებს, შეიმუშავებს ინიციატივებს, მიმართვებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ ლობირებას. ამზადებს კვლევებს, დასკვნებს, პროექტებს, ანგარიშებს. ახორციელებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესწავლას და მონიტორინგს. უზრუნველყოფს მოქალაქეების ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას ყველა დონეზე, მათ შორის საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოებთან, სასამართლო ინსტანციებში, კერძო და საერთაშორისო არბიტრაჟში. ხელს უწყობს სამოქალაქო კამპანიების ჩატარებას, სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართ მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას, დაცვის ინსტიტუტის პოპულარიზაციას. ორგანიზებას წევს კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების ჩატარებას, თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან.
 
ორგანიზაციის პლათფორმა ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.
 
2022 წლის იანვარში, „ახალგაზრდა ადვოკატები“ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) სრულუფლებიანი წევრი.
 
2020 წელს ბავშვთა უფლებების საუკეთესო ადვოკატირებისთვის ორგანიზაციას გადაეცა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის_ იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ნიკა რაჭველის სპეციალური სამადლობელო ჯილდო.
 
2017 წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისა და პროფესიული ერთგულებისთვის, სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. 
 
2016-2014 წლებში, ორგანიზაცია წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრს. 
 
2016 წელს, მიწვეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უმაღლესი სკოლის შექმნის სამუშაო ჯგუფში. 
 
2015 წლიდან მიწვეულ იქნა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან არსებულ სამუშაო ჯგუფში. 2015 წლიდან მიწვეულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში. 2015 წლის აპრილში, მიწვეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრად. 2015-2018 წლებში, წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრს. 2015 წელს დააფუძნა სამოქალაქო ორგანიზაციათა მუდმივმოქმედი ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“. 2015 წელს ჩაერთო „Peace Corps“-ის პროგრამაში, რომლის ფარგლებში, 6 თვის მანძილზე, ორგანიზაცია გაძლიერდა სტრატეგიული პროექტების მომზადების, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის, ადამიანური რესურსის მართვისა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვის საკითხებზე. 

2014 წელს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია საქართველოში დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“. 2014 წელს გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი. 

2013 წლიდან წარმოადგენს „სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსის“ წევრს. 2012 წელს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამუშაო ჯგუფის წევრს. 

2012 წლიდან არის არასამთავრობოთა ალიანსის: „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” თანადამფუძნებელი და წევრი.

ორგანიზაციის სამოქალაქო პოზიციისა და ჩართულობის მაგალითს წარმოადგენს 2017 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანის წარდგენა და მხარდაჭერა, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2017 წელს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის შესარჩევ კონკურსში ქეთევან ბექაურის წარდგენა და მხარდაჭერა, 2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად თემო ჭეიშვილის წარდგენა და მხარდაჭერა, 2015 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველად ლია მუხაშავრიას კანდიდატურის წარდგენა და მხარდაჭერა. 

ორგანიზაცია თანამშრომლობს პროფესიულ ჯგუფებთან, საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. 2013 წლიდან ახორციელებს ინიციატივას: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“. განხორციელებული პროექტებიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანია 2021-2022 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“, რაც პირველად განხორციელდა საქართველოში. ამასთან, 2017-2015 წლებში, საქართველოს მთავრობის „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, გამარჯვებული პროექტი: „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარება“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მიგრანტების წინაშე არსებული იურიდიული პრობლემების იდენტიფიცირება, შეფასება, რეაგირება და გადაჭრა. მიგრანტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზებზე. 2016 წელს, ორგანიზაციას პროექტის მაღალი პასუხისმგებლობით და წარმატებით განხორცილებისთვის, გადაეცა სახელმწიფოს მადლობის სიგელი. 
 
ორგანიზაციის პოზიცია არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საფუძველი მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრინციპული პოზიცია დაასაბუთეს 2003-2012 წლებში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სისტემური დანაშაულებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კანონშეუსაბამო მოქმედებების თაობაზე. ორგანიზაციის მკვეთრი პოზიცია დასახელებულ პერიოდში სისტემური დანაშაულის საქმეებზე, ცალკეული ჯგუფების მხრიდან აღქმულია, როგორც მიკერძოებული დამოკიდებულება. შესაბამისად, ორგანიზაციის ბიოგრაფიის ნაწილია ცალკეული სასამართლო დავებიც, რომლიც მიზნად „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანი რეპუტაციის დაცვას და ცილისწამებით მიყენებული ზიანის აღდგენას გულისხმობს. ორგანიზაცია აგრძელებს არაერთ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატირებას, რომელიც შეეხება სისტემური დანაშაულის შედეგების აღმოფხვრას სასამართლო გზით. 
 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოქმედებს წესდების, შინაგანაწესისა და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. გააჩნია საქმიანობის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიც ამჟამად განახლებულია 2018-2020 წლების საქმიანობისთვის. ამასთან, 2015 წლის იანვრიდან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ გადავიდა კაბინეტურ მმართველობაზე. ახალი წესდებით, შეიცვალა მმართველობითი რგოლი. ორგანიზაციას, სადამფუძნებლო საბჭოს ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად, ხელმძღვანელობს არჩეული ხელმძღვანელი, რომელიც აკომპლექტებს კაბინეტს (გუნდს), რომელიც ანგარიშვალდებულია სადამფუძნებლო საბჭოს და ყველა სხვა მესამე პირთან მიმართებით. 

ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. შესაბამისად, „ნომინაციები და ნომინანტების“ ფარგლებში, აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ჯილდოვდება შესაბამისი სასამართლო ინსტანცია, საჯარო უწყებები, კერძო სექტორი, მედია-გამოცემები, ხოლო კიდევ ერთი ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი“, პერსონიფიცირებულად გადაეცემა ჟურნალისტებს. ორგანიზაციის ტრადიციაა წლის შემაჯამებელი ღონისძიების მასშაბური დაგეგმვა, წლის შემაჯამებელი გამოცემის მომზადება, რომლის გარეკანიც ყოველთვის ეძღვნება ადამიანის უფლებების სფეროში წლის მანძილზე არსებულ მნიშვნელოვან მოვლენას, წლის საქმიანობის ვიდეო-რგოლის წარმოდგენა და ორგანიზაციას აქვს მიდგომა, როდესაც საქმიანობას წლის მანძილზე უკავშირებს რომელიმე ჯგუფის უფლებეზე განსაკუთრებულ მუშაობას. ასე, მაგალითად, 2022 წელი აღიარებულ იქნა განათლების უფლებაზე ხელმისწავდომობის წლად, 2021 წელი - შრომის უფლებებზე მუშაობის წლად, 2020 წელი ბავშვთა უფლებებზე მუშაობის წლად, 2019 წელი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად, 2018 - კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად, 2017 - სასამართლოს პრობლემატიკის კვლევის წლად, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, ხოლო 2014 - ბავშვთა უფლებების დაცვის წლად.

ორგანიზაცია ახორციელებს უფასო იურიდიული კონსულტაციის პროგრამას. საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატებთან“ პარტნიორობით და მეშვეობით. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს და ამზადებს ყოველთვიური საქმიანობის მედია-დაიჯესტს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შემოსავლის წყაროა: საგრანტო პროექტები, შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. ასევე, იურიდიული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, რაც ფრაგმენტული პროექტების მიუხედავად, წარმოადგენს ორგანიზაციის ერთადერთ შემოსავლის წყაროს.