„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა ემსახურება საქართველოში დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ღია მართველობის მხარდაჭერასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ორგანიზაცია მუშაობს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან, უზრუნველყოფს ინსტიტუციურ დიალოგს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო ინტერესების ლობირებას და დაცვას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, დასახული მიზნების მისაღწევად:
აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური საკითხების განხილვაში, წარადგენს შეფასებებსა და განცხადებებს;
შეიმუშავებს ინიციატივებს, მიმართვებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ ლობირებას. ზრდის მოქალაქეების ჩართულობას ღია მმართველობის განხორციელების პროცესში;
ამზადებს დამოუკიდებელ კვლევებს, დასკვნებს, პროექტებს, ანგარიშებს. გამოსცემს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო დაიჯესტებს;
ახორციელებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესწავლას და მონიტორინგს;
უზრუნველყოფს მოქალაქეების ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას ყველა დონეზე, მათ შორის საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოებთან, სასამართლო ინსტანციებში, კერძო და საერთაშორისო არბიტრაჟში;
ხელს უწყობს სამოქალაქო კამპანიების ჩატარებას, სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართ მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას, დაცვის ინსტიტუტის პოპულარიზაციას;
ორგანიზებას უწევს კონფერენციების, სემინარების, ტრენინგებისა და მრგვალი მაგიდების ჩატარებას, თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან;
ახორციელებს არჩევნების სადამკვირვებლო უფლებამოსილებას და უზრუნველყოფს ამომრჩევლის ინფორმირებას პროცესში. მონაწილეობს არჩევნების საერთაშორისო მისიაში;
მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების, ევროინტეგრაციის პროცესისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების საკითხებზე;
ახდენს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებას, ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციების დაახლოებას საერთო პრინციპებისა და ინტერესების განვითარებისთვის, უზრუნველყოფს სახელმწიფოსთან ახალგაზრდების სტრუქტურულ დიალოგს, განათლების სისტემის კვლევას და ბოლონიის პროცესის მხარდაჭერას;
ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწამოებას ადგილნაცვალი პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ამზადებს ინიციატივებს მათი სოციალური ინტეგრირებისა და სამოქალაქო სტატუსის ამაღლებისთვის.