„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევას თბილისის მგგ-ს შესახებ „სითი ინსტიტუტი“ ობიექტურ შეფასებას აძლევს

11 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მხრიდან წარმოდგენილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების სამართლებრივი ანალიზი ობიექტური იყო. აღნიშნულის შესახებ თბილისის მგგ-ის საპროექტო წინადადების მომზადებაზე ავტორი ორგანიზაციის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ საზოგადოებრვი მაუწყებლის საზოგადოებრივი რადიო 1-ის გადაცემა: „ღია სტუდია“ საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ჩვენ ამ პარტნიორობაზე ერთმანეთს უკვე მივეცით პირობა. დიდი მადლობა იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს გენგეგმის კვლევასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით ობიექტურ კვლევას. მე ვიცი, რომ ეს იყო ობიექტური კვლევა, მე ვიცი, რომ ეს იყო კარგად გაკეთებული კვლევა, მიზანმიმართული და ყველანაირად მივესალმებით, სხვა ორგანიზაციებსაც, ბუნებრივია. მთავარია აქ იყოს იმისკენ სწრაფვა, რომ დოკუმენტი იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი“ - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

ცნობისთვის: 2017 წლის 11 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „ღია სტუდია“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადებების განხილვას და მათზე მსჯელობას მიეძღვნა, სადაც მონაწილეობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმაც მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადებათა დოკუმენტის სამართლებრივი ანალიზი, საკითხის მონიტორინგის შედეგები, დასკვნა და რეკომენდაციები 2017 წლის 28 აპრილს წარმოადგინა. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო იმ არსებითი მნივნელობის საკითხების შეფასებას, რომელთა წარმოჩენაც და მათზე ფართო დისკუსია მიიჩნია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემდგომი სანდოობისა და ეფექტურ დოკუმენტად ქცევის აუცილებელ პირობად. კვლევის პროცესში შემუშავდა სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტი. ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციაა მგგ-ის ახალი დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის ახალმა მერიამ და საკრებულომ მიიღოს.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკეტბი“ აგრძელებს საკითხის მონიტორინგს და გამოთქვამს მზადყოფნას, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისა და მიღების პროცესში. აქტიური თანამონაწილეობა მიიღოს. 



კომენტარები