„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზურაბ ჯაფარიძესთან დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს

22 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, მოსამართლე ქეთევან კუავას მოქმედებების თაობაზე საკითხს კი საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წინაშე დასვამს. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების უხეშ დარღვევის საფუძველზე, არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძის მიმართ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ცისლისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის განმარტების დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა აზრს, ხოლო ორგანიზაციის სარჩელი იურიდიულად ვერ ამართლებდნენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ ორგანიზაციის მხრიდან ნინო გვენეტაძის სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული". პოლიტიკოსმა ორგანიზაციის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში, არ უარყო და არც დაადასტურა ორგანიზაციის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ფაქტების არსებობა. ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოების ყურადღებას დაუთმობს იმ ფაქტს, რომ მოსამართლემ მიიღო აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქმეზე სხდომა გაიმართა 2017 წლის 18 მაისს. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. სასამართლოს შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მხარეს წერილობითი ფორმით სხდომის გადადების თაობაზე რეგისტრირებული განცხადებაც არ გააჩნდა. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმატიული შინაარსის თანახმად, „თუ მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება“, მოსამართლე ქეთევან კუჭავამ კანონით არარსებული მოქმედება განახორციელა - საქმეზე მისაღები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. კანონის თანახმად, ვინაიდან საქმეზე არსებობდა მოპასუხის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უნდა მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ყველა სადავო გარემოება ითვლებოდა ორგანიზაციის სასარგებლოდ დამტკიცებულეად, ხოლო ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე“. სასამართლო მოიქცა პირიქით - დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, არსებითად იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნებზე და მიიჩნია ისინი უსაფუძვლოდ, ხოლო ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამები - აზრის თავისუფლებად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლო არ უნდა მორიდებოდა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას და არ უნდა განეხორციელებინა შერჩევითი მართლმსაჯულება, ვინაიდან სასამართლომ თავისი 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაც მოპასუხის სტატუსიდან გამომდინარე, თავშეკავების გამო მიიღო, რაც უკანონობაა და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 23 მარტს მიმართეს. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდება. 



კომენტარები