„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საერთაშორისო ექსპერტს მიგრანტთა პროექტის შედეგები, მიღწევები და გამოწვევები გააცნეს

23 მაისი, 2017

2017 წლის 23 მაისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლები შეხვდნენ „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტს, იან ვორისეკს, რომელიც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის“ განხორციელებას აფასებს. ორგანიზაციამ  ექსპერტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა პროექტის თითოეული კომპონენტის,  იმპლემენტაციის, პრობლემური საკითხებისა და მიღწევების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ექსპერტმა დადებითად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა და როლი სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, იურიდიული დახმარებისა და ცნობიერების ამაღლების ნაწილში.

პროექტის დირექტორმა, არჩილ ნადირაძემ, დეტალურად ისაუბრა ადვოკატორების კომპონენტზე, რომელიც 10 თვის განმავლობაში შეუფერხელბად ხორციელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ფარგლებში ჯამში ორგანიზაციას მიმართა 22-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 13-ს გაეწია სრული იურიდიული მომსახურება, ხოლო 9-ს უფასო იურიდიული კონსულტაცია. აგერთვე აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში,  გათვალისწინებული იყო დევნილთა სამინისტროს მიმართ ყოველთვიური საქმიანობის ანგარიშები, რომლებიც მოიცავდა როგორც ფინანსურ, ასევე პროგრამულ ნაწილს. პროექტის მკვლევარის, მარიამ სვიმონიშვილის, თქმით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რაც თავის მხრივ გულისხმობს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ კვლევის მომზადებასა და შემდგომ ამ საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფას. გარდა იმისა, რომ  მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა პროექტით გათვალისწინებულ ქალაქებში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, მარნეულსა და საგარეჯოში, აგერთვე ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივით საინფრომაციო შეხვედრები გაიმართა ქობულეთსა და ოზურგეთში. აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებისას, პრეზენტაციებზე, მოსახლეობის დაინტერესება იყო საკმაოდ მაღალი.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყურადღება გაამახვილა პროექტის განხორციელებისას გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებზე და პროგრამის მეტი ეფექტურობისთვის ექსპერტს დევნილთა სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები შესთავაზა. მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენდა სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობა, ბენეფიციართა მიმართ დაწესებული კრიტერიუმები, მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესახებ და სხდავასხვა სახელმწიფო უწყებების არაეფექტური ჩართულობა ადვოკატირების ნაწილში. ორგანიზაციამ პრობლემური საკითხების ოპტიმალური გატაწყვეტისთვის შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა: 1. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უფრო მეტი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; 2. პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა მიმართ დაწესებული კრიტერიუმის, საზღვარგარეთ ყოფნის მინიმალური ვადის, 1 წლის, მიზანშეწონილი შემცირება 9 თვემდე; 3. ცნობიერების ამაღლების კუთხით მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს არა მარტო დიდ ქალაქებს, არამედ სოფლებსაც; 4. დევნილთა სამინისტროს მიერ, ბენეფიციართა იურიდიული პრობლემების რეალური მოგვარებისთვის,  სახელმწოფოს სხვა უწყებებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრატთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიგრანტთა იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის პროექტი, უკვე მეორედ განახორციელა. სახელმწიფომ 2016 წლის იანვარში, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისთვის, სპეციალური ჯილდოც გადასცა.

ცნობისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იურიდიული დახმარების კომპონენტმა ცვლილება განიცადა და სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს ამიერიდან ადვოკატირებას სამინისტრო გაუწევს.



კომენტარები