თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმის არსებით განხილვას 2017 წლის 29 ივნისს დაიწყებს. საქმეზე დანიშნული პირველი სასამართლო სხდომა, მოსამართლეთა არასრული შემადგენლობის გამო, გადაიდო. მოსამართლეთა არასრული შემადგენლობის მიზეზი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ცალკეული მოსამართლეების მიმართ უფლებამოსილების ვადის გასვლა და ხელმეორედ დანიშვნების პროცესი გახდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიმდინარე წლის 14 თებერვლის განჩინება. შედეგად, თემურ ბასილიას საქმე განსახილველად სასამართლოს ახალ შემადგენლობას გადაეცა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლიანი და პრინციპული გადაწყვეტილების შედეგად, განჩინება, რომლითაც თემურ ბასილიას უარი ეთქვა საქმის გადახედვაზე, ცალსახად უკანონოდ იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაუქმებული განჩინების დასაბუთებისთვის განმარტავს და აღნიშნავს, რომ „მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2017 წლის 17 იანვრის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ თემურ ბასილიას პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ: თემურ ბასილიას განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დადგინდა ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რომლებიც ამტკიცებს თემურ ბასილიას უდანაშაულობას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება თემურ ბასილიას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს საქმეებზე, როდესაც ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდების მხარე არ უნდა შეიზღუდოს და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად განახორციელოს კანონით დაკისრებული მოვალეობა, რისი წინა პირობაც არის წარდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა სასამართლოში“.
პროცესს წინ უძღოდა 2017 წლის 27 იანვარს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა.
პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი განაცხადა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“. აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომლის განჩინებაც საბოლოოა და არ საჩივრდება.
ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. საკასაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: პაატა სილაგაძემ (თავმჯდომარე), ნინო გვენეტაძემ და გიორგი შავლიაშვილმა მიიღეს.
თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.