„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართლებრივ კვლევას წარმოადგენს

4 ივნისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე დღეს კვლევის პრეზენატაციას გამართავს: თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დასახელებულ პირებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორცელების დასაბუთებას და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, როდესაც არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების ჩატარებას. შესაბამისად, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და მას საჯაროდ ხდის ფართო საზოგადოებისთვის.

ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასკვნასთან ერთად, მოამზადა სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს მთავრობის, მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველის მიმართ. მონიტორინგში დეტალურადაა წარმოდგენილი საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მათი ანალიზი.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდვური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციას დაეწრება ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაცია დოკუმენტს მიაწვდის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრიოვ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს.

კვლევის პრეზენტაცია 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. 



კომენტარები