პარლამენტი უარს ამბობს თბილისში დატოვოს საქმისწარმოების დეპარტამენტი

10 აგვისტო, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოცემული ბრძანებით, პარლამენტის აპარატის დებულებაში განახორციელოს ცვლილება, რომლის ძალითაც, ქუთაისში გადატანილ საქართველოს პარლამენტს დედაქალაქში შეუნარჩუნდება წარმომადგენლობითი ფუნქცია და თბილისში დარჩება პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტი.

საქართველოს კონსტიტუციაში ყოველგვარი საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობით განხორციელებული ცვლილებებით, რომლითაც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დედაქალაქიდან გადააქვთ, თბილისში მცხოვრები 1 172.7 ათასი ადამიანი დგება კიდევ ერთი რეალობის წინაშე, როდესაც ისინი მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ ვეღარ მიმართავენ პარლამენტს, პარლამენტის კომიტეტებს, ცალკეულ დეპუტატებს.

თბილისს წარმომადგენლობით ორგანოსთან კომუნიკაცია მოუწევს მხოლოდ საფოსტო გზვანილის მეშვეობით, რაც გამოიწვევს ფინანსურად მძიმე ტვირთს, დროსა და სივრცეში საჯარო ინფორმაციის მიღებაზე ხელოვნურ ბარიერებს, პარლამენტსა და მოქალაქეს შორის გართულებულ ურთიერთობას.

ჩვენთვის ამ საკითხის მიმართ ნებისმიერი მანიპულაცია არის მიუღებელი, რადგანაც ფაქტი ერთია – თბილისში პარლამენტის საქმისწამოების დეპარტამენტის გაუქმებით არ ჩანს აღნიშნული გადაწყვეტილების ლეგიტიმური მიზანი, მაშინ, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია პარლამენტმა დედაქალაქს შეუნარჩუნოს ფუნქცია, როცა მოქალაქეები პირდაპირი საშუალებით შეძლებენ კორესპონდენციის, წერილების, განცხადებების, პეტიციების შეტანას ადგილზე და საქმისწარმოების დეპარტამენტი თბილისშივე მოახდენს მათ რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ გადაცემას, გაგზავნას და შეტყობინებას.

საქართველოს პარლამენტის უარი „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინადადებაზე ორი მოსაზრების გამართლებას მოემსახურება – პარლამენტი უარს ამბობს ქვეყნის მილიონიანი დედაქალაქის მცხოვრებთა კონსტიტუციური უფლების მთავარი პრინციპის განხორციელებაზე – „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“, (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5) მეორე მხრივ კი აძლიერებს სახელმწიფოს საკუთრებაში მოქმედი ბიზნესის საქმიანობას.

კერძოდ, საუბარია შპს „საქართველოს ფოსტის“ ბაზარზე ოპერირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. დღესდღეობით, სწორედ აღნიშნული კომპანიის ტარიფები წარმოადგენს შედარებით ხელმისაწვდომ საშუალებას მოსახლეობისთვის და უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუკი პარლამენტი უარს იტყვის საქმისწამოების დეპარტამენტის თბილისში შენარჩუნებაზე, გააძლიერებს ბაზრის მონოპოლისტს და ეს გადაწყვეტილება ბეგარად დააწვევა დედაქალაქის მოსახლეობას, ნებისმიერი საქმიანი სფეროს წარმომადგენელს, არასამთავრობო სექტორსა და რიგით მოქალაქეებს.

 

ამონარიდი საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებიდან:

მუხლი 23

საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აპარატში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ)კორესპონდენციის, მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და პეტიციების მიღება, რეგისტრაცია,დანიშნულებისამებრ გადაცემა და გაგზავნა;

გ) მოქალაქეთა მიღება და კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, იურიდიულ საკითხებზე;

დ) საქმისწარმოების ინსტრუქციითა და საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით გათვალისწინებული მოთხოვნებისდაცვის უზრუნველსაყოფად, პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დოკუმენტბრუნვისა დადოკუმენტების შენახვის ზედამხედველობა;

ე) პარლამენტში შემოსული და პარლამენტიდან გასული კორესპოდენციის, წერილების, განცხადებებისა დაპეტიციების კანონით დადგენილ ვადებში განხილვის ზედამხედველობა და კონტროლი;

ვ) პარლამენტში შემოსული და პარლამენტიდან გასული კორესპოდენციის, წერილების, განცხადებებისა დაპეტიციების რაოდენობისა და მათზე რეაგირების შესახებ სტატისტიკური ანგარიშის შედგენა და სოციალური,ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის განსაზღვრის მიზნით ანალიზის მომზადება;



კომენტარები