სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეში არჩევნების გამჭვირვალობის შესახებ სდუმს

3 აგვისტო, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ 2012 წლის 4 ივნისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიმართ გაგზვანილი ხუთი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, რა დროსაც ახალი უფლებამოსილების მანდატში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია  მინისტრისგან მოითხოვდა პასუხს მთავარ საკითხებზე: აპირებდა თუ არა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეების გადახედვას, ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის შეწყვეტას და 113 მსჯავრდებული ადვოკატის საქმეების გადახედვას, ემხრობით თუ არა ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ამნისტიის იდეას, საზოგადოებისთვის გაეცნო ახალი უფლებამოსილების მანდატში ახალი პრიორიტეტები და მთავარი – როგორ გეგმავდა სამინისტრო, ციხეებში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამჭვირვალედ, წინასაარჩევნო კამპანიის დასაშვებობით და მთელ ამ პროცესში, არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობის გაჩენის –  პენიტენციალურ სისტემაში განხორციელდეს არჩევნების  დაკვირვება და მონიტორინგი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დასმულ ხუთ სადღეისოდ მნიშვნელოვან თემასთან მიმართებით, სამინისტროს პოზიცია არ აქვს. ორგანიზაციის სახელზე მიღებული წერილით /26.07.2012/ იგნორირებულია ჩვენს მიერ დასახელებული ყველა შეკითხვა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. სამინისტროს საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ გაუცნია სტრატეგია, რა ფორმით უნდა მოხდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარება ციხეებში. საარჩევნო კოდექსის თანახმად, წლევანდელ არჩევნებში მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მიიღებენ მონაწილეობას, 2012 წლის 1 თებერვლის მონაცემებით კი, დღესდღეობით, ასეთი საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 500 პატიმარია.

დუმილი სასჯელაღსრულების სისტემაში არჩევნების გამჭვირვალობის შესახებ, არ ნიშნავს არჩევნებს სასჯელაღსრულების სისტემაში.

ხათუნა კალმახელიძის უწყება ადვოკატებს მოუწოდებს სისტემის პრიორიტეტები და რეფორმები სამინისტროს ვებ–გვერდზე მოიძიონ, თუმცა საზოგადოების ვერც ერთი ჯგუფი ვერ აღმოაჩენს იმ მთავარ საკითხებზე ოფიციალურ განმარტებას ან აღნიშვნას, რომელიც ჩვენი ინტერესის საგანი გახდა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად ძველი მინისტრის კანდიდატურის დამტკიცება ახლა უფრო მეტ შეკითხვას და უნდობლობას აჩენს საზოგადოებაში, მინისტრის ახალი მანდატის შემთხვევაში კი, ჩნდებოდა განცდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულება დაბრუნდებოდა სამართლებრივ წესრიგში და ადამიანის უფლებების  კუთხით გატარებული ღონისძიებები პატიმრებსაც და მათი ოჯახის წევრებსაც მშვიდი ცხოვრების საშუალებას მისცემდა, მაგრამ სახელმწიფოს არ სურს სასჯელაღსრულების სისტემაში გადახედოს საკუთარ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას და „ნულოვანი ტოლერანტობა“ ისევ რჩება პრიორიტეტულ მიმართულულებად. 

რამდენიმე საყურადღებო ფაქტი მედიისთვის

1. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) კვლევით, საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. დაკავებულთა ოჯახის წევრებთან, იურისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების გაცნობის შემდეგ, FIDH–მ განაცხადა, რომ „საქართველოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც „პოლიტიკური პატიმრების” შესახებ ევროპის საბჭოს დეფინიციის თანახმად, „პოლიტიკურ პატიმრებად” უნდა მიიჩნიონ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ინფორმატიზაციის განყოფილების ცნობით, „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე ციხეებში 113 ადვოკატი იხდის სასჯელს. არაერთი ორგანიზაცია და უფლებადამცველი მიუთითებს, რომ ადვოკატების პასუხისგება ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნის გამო ხდება.

3. სისტემის წარმატებული მექანიზმი – პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების საბჭოები პერიოდულად განიხილავს ბრალდებულთა საქმეებს. ვადამდე ადრე გათავისუფლებულთა რიცხვი პერიოდულობით არ აღემატება 250 ადამიანს.

4. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, 2012 წლის არჩევნებისთვის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირები ისარგებლებენ საარჩევნო ხმის უფლებით.

 



კომენტარები