„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

25 ივლისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოწვევით, კომიტეტის საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტმა პირველად შეიმუშავა და დაამტკიცა კომიტეტის სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. სტრატეგიაში გაიწერა საქმიანობის მიმართულებები. ესენია: კანონშემოქმედებითი საქმიანობა; საზედამხედველო საქმიანობა; წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში; კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა, ღიაობა და ანგარიშვალდებულება; კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა. ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, კომიტეტმა 57  სხდომა ჩაატარა და განიხილა 63 საკანონმდებლო ინიციატივა. აქედან 263 ძირითადი და გამომდინარე კანონპროექტებია, ხოლო 41 - საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული იყო 58 კანონპროექტი და 15 საკანონმდებლო პაკეტი.

როგორც კომიტეტის საქმიანობის 6-თვიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომიტეტი გეგმავს: სასამართლო რეფორმის გაგრძელებას ახალ ფორმატში (სასამართლოს განტვირთვა, დისციპლინური სამართალწარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა), სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ახალი რეგულაციების შემოღებას (კომპიუტერული მონაცემების ფიქსაცია, დამაგრება), ნარკოპოლიტიკის რეფორმას, ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვას, „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს და საპარლამენტო ღიაობის ფორმატში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების, კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) უკუკავშირის მექანიზმის დანერგვასა და შემუშავებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, შეხვედრაზე მონაწილეობა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მიიღო. 



კომენტარები