1000–მდე მანდატური დამკვირვებელი იქნება – ხელისუფლება არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

25 ივლისი, 2012

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ მანდატურის ინსტიტუტის სრული მობილიზაცია მოახდინა. თბილისის მანდატურები, იდენტიფიცირების გარეშე, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ატყობინებენ, რომ მათ უკვე მიიღეს დავალება აქტიური კონტროლი განახორციელონ მომავალ არჩევნებში. მათი ინფორმაციით, ხელისუფლებამ  მანდატურები დამკვირვებლად გადაამზადა და არჩევნებს  სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით „დააკვირდებიან.“ საუბარია 1000–მდე მანდატურზე, რომელიც თბილისის უბნების მიხედვით გადანაწილდებიან. 

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, უარის თქმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და მმართველი პოლიტიკური პარტია არჩევნების მასიური გაყალბებისთვის ემზადება. მანდატურების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, სხვა არაფერია, თუ არა ნათელი მაგალითია, რომ ხელისუფლების დამკვირვებლები  გასული არჩევნების  მსგავსად, მომავალ არჩევნებზეც განაგრძობენ საარჩევნო უბანზე მოსული მოქალაქეების დაშინებას და მათი დავალება არჩევნების გაყალბება იქნება. როგორც ჩანს, საარჩევნო ურნების გატაცება, ხმების ჩაყრა საარჩევნო ყუთებში თუ თავისუფალი არჩევნების სხვა ხელისშემშლელი წინაპირობები, ახლა უკვე საგულდაგულოდ გადამზადებული მანდატურების ღირსებაზე იქნება დამოკიდებული.

ხელისუფლება სამუდამოდ ცდილობს მანდატურის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს და პოლიტიკური პროცესების მხარე გახადოს, ინსტიტუტის რეფორმირებისთვის კი მილიონები დაიხარჯა. როგორც ჩანს დღევანდელი მიზანი ასეთია: ხელისუფლება მანდატურებით არა მხოლოდ სკოლების, არამედ უკვე არჩევნების გაკონტროლებასაც ცდილობს. ისედაც, მანდატურების გამოჩენამ ქართულ სკოლებში საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით  ცდილობს პოლიციური მეთოდები დაენერგა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენელთა უმრავლესობაც მანდატურის სამსახურს საპოლიციო სამსახურს უწოდებს, ვიდრე უსაფრთხო სკოლის პრინციპების დამცველ სამსახურს.

საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეფასებაც მოისმინა „ისინი კი არ ზრდიან ბავშვებს, აქცევენ მათ ენის მიმტანებად თავიანთ მასწავლებლებსა და მეგობრებზე. ამიტომ ეს საკითხი შესასწავლია. შიშით ვერ გავზრდით შვილებს, მხოლოდ სიყვარულით და კეთილი სიტყვით უნდა აღვზარდოთ ისინი.“ – მიუთითებდა პატრიარქი, თუმცა თემაზე დღემდე საზოგადოებრივი მსჯელობა და დისკუსია არც კი დაწყებულა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მანდატურების გამოყენების ფაქტით არსებობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48–ე და 49–ე მუხლების ამოქმედების ლეგიტიმური წინაპირობა, რაც გულისმხობს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვას. ამიტომაც, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. გამოიძიოს და მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაითვალისწინონ პატრიარქის მოწოდება და მოხდეს მანდატურების ფუნქციების და ზოგადად ინსტიტუტის გადახედვა. ახლა უკვე საარჩევნო ჭრილშიც.

 



კომენტარები