სააპელაციო სასამართლო დღეს თემურ ბასილიას საქმის არსებით განხილვას დაიწყებს

13 სექტემბერი, 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ხვალიდან საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას დაიწყებს. პალატამ საქმეზე უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა, 14 სექტემბრის სხდომაზე კი მოწმეთა ჩვენებების მიცემა იგეგმება. როგორც ცნობილია, საქმეზე ბოლო სხდომა 27 ივლისს შედგა, თუმცა ერთ-ერთი მოსამართლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო.  

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქმეზე სხდომა 14:00 საათზე განახლდება. 



კომენტარები