საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად განხილვის პროცესში, საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო.
2017 წლის 8 სექტემბრის მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ „მითითებულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რიგი გარემოებები“, რის გამოც, მოსამართლე ვალდებული აღმოჩნდა განეცხადებინა საქმიდან თვითაცილება, თუმცა როლანდ ბლადაძეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსამართლე პაატა სილაგაძის აცილების ან თვითაცილების საკითხი არ დაუსვამს. მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მითითებული არ არის თვითაცილების კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, მხარისთვის არ არსებობს არავითარი ინფორმაცია პაატა სილაგაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით - არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა.
2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა - ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. პაატა სილაგაძე ირიცხებოდა მაია ვაჩაძის პალატის შემადგენლობაშიც. დღეს, საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით.
საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადეს სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს, ხოლო საქმეზე მომზადებულმა ფილმმა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 2017 წლის ივნისში შედგა, დიდი რეზონანსი გამოიწვია.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს უზენაესს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების საკითხთან დაკავშირებით, 2017 წლის 18 სექტემბერს საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.