მთავრობის “ხელშეკრულება საქართველოსთან” სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს და დისკრიმინაციულია

20 ივლისი, 2012

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი შეთავაზებული მრავალმხრივი სახელშეკრულებო პირობა არჩევნებში მხარდაჭერის მიღების მოტივით, სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკისთვის წარმოადგენს ნონსენსს, ფორმალური ხასიათით კი გულისხმობს პირობიან გარიგებას, წინარე ხელშეკრულების სახეობას და შინაარსით წარმოადგენს დისკრიმინაციულს.

აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივა „ხელშეკრულება საქართველოსთან“ წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ ცალხმრივად გამოვლენილ ნებას. (სსსკ. 50-ე მუხლი) ეს დოკუმენტი შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მოქალაქეებთან წინარე ხელშეკრულების ნიმუშად, თუმცა წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოეშობათ, ასეთი ვალდებულების გაჩენა კი მომდინარეობს იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეებს შორის უკვე არსებობს. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებით, თუკი გაჩნდა წინარე ხელშეკრულების დადების საფუძვლები, საქმე გვაქვს კონკრეტულ მიზეზებთან, ეს მიზეზი კი ძირითად ხელშეკრულებაში, იმ პირობების შეუსრულებლობა უნდა იყოს, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულებების საკითხთაან. ყოფითი ტერმინოლოგიით, ეს ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან 2003–2012 წლებში არჩევნების გზით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის აღიარებას და ნდობის მიღების ხელმეორედ მიღების სურვილს.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განახორციელა ოფერტი (შეთავაზება), თუმცა აქცეპტის ნამდვილობა უცნობია (თანხმობა). ვინაიდან სახელშეკრულებო პირობაზე მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე არ განაცხადებს უარს, სამთავრობო დოკუმენტს აქვს ნამდვილობის პრეტენზია. სხვა კუთხით, შესაძლებელია ლეგიტიმური იყოს შეხედულება, რომლის თანახმადაც, მიცემული დოკუმენტი მივიჩნიოთ  მოჩვენებით გარიგებად. სამოქალაქო კოდექსის 51–ე მუხლის 1–ელი პუნქტის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამასთან, თუკი ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზეც, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივი პრაქტიკისთვის დამახასიათებელი ფორმით დადებულ ხელშეკრულებად, საქმე გვაქვს ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებასთანაც, რაც კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, მიჩნეულია, როგორც ბათილი. „ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.“ – ნათქვამია სამოქალაქო კოდექსში.

ხელშეკრულებაში მონაწილეთა ურთიერთობა თანასწორუფლებიანობაზეა დაფუძნებული და ისინი არ ექვემდებარებიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, ფიზიკური პირები არიან, იურიდიული პირებისახელმწიფო, თუ სხვა. დოკუმენტში „ხელშეკრულება საქართველოსთან“ არაფერია ნათქვამი შემოთავაზებული ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების პრინციპებზეც. მხარე დოკუმენტში გამოკვეთს ხალხის სარგებლიანობის სოციალურ მოთხოვნებს და მთლიანად იგნორიერებულია სხვა სამართლებრივი სიკეთეების უპირატესობა, რომელიც სოციალური სამართლიანობის საფუძველი უნდა გახდეს. მეტიც, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ წინარე ხელშეკრულების დოკუმენტში, არაფერია ნათქვამი ერთ–ერთ მთავარ სახელშეკრულებო პირობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების გასვლის შემდგომ მხარეთა უფლება-მოვალეობაზე - ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მიმართოს სარჩელს  ანუ სამართლიან სასამართლოზე.

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირები, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პირობითი გარიგების იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტთან დაკავშირებით, ვიყენებთ რა ჩვენს კანონისმიერ უფლებას და ოფერტის პირობებში, მივმართავთ ხელშემკვრელ მხარეს – აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოდგენილ დოკუმენტში მოხდეს შემდეგი აუცილებელი სახელშეკრულებო პირობის დამატება და ვალდებულების გაფართოება:

 

1. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობა კონტროლირებადი არ იქნება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან და თითოეულ მოქალაქეს ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

2. ჟურნალისტის თავისუფლება იქნება გარანტირებული, საჯარო ინფორმაცია – ხელმისაწვდომი, გამოხატვის თავისუფლება – დაცული.

3. პენიტენციალური სისტემა აღიარებს ლიბერალურ მიდგომებს, შეწყდება პატიმართა არასათანადო მოპყრობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეწყალებისა და ამნისტიის ეტაპობრივ, თუმცა საყოველთაო პროცესის დაწყებას.

4. ბიზნესი გათავისუფლდება ზეწოლისგან, მცირე და საშუალო მეწარმეობა იქნება სახელმწიფო ჩარევის გარეშე, მონოპოლისტები აღარ განსაზღვრავენ ბაზარს.

5. სახელმწიფო აღიარებს უფასო უმაღლეს განათლებას.

6. სახელმწიფო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეიმუშავებს სწორ პოლიტიკას და მათ ჩართულობას და ადაპტაციას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკრი და სამოქალაქო უფლებების განხორციელების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნული  ვალდებულების იგნირირება და პირდაპირ მიუთითებლობა, დოკუმენტს დისკრიმინაციულს ხდის.



კომენტარები