„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე გამოძიების გამჭვირვალობა არ არსებობს

30 სექტემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურის მხრიდან მიკერძოებულ სამართალწარმოების ფაქტებზე საუბრობს და ბიზნესის წინაშე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამოძიებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება ზუგდიდში, კომპანიის საქმეზე მომზადებული კვლევისა და შუალედური ანგარიშის რეგიონულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მხრიდან კვლევის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, მხარისთვის ცნობილი ხდება, რომ საქმე კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. საქმეს კვლავ იძიებს ლაშა ყოლბაია, ხოლო ზედამხედველი პროკურორი კვლავ მირანდა წერეთელია. იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ლაშა ყოლბაია და ქალბატონი მირანდა წერეთელი, ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, მხარეს გააჩნდა მათ მიმართ დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიები საქმის მიკერძოებით წარმართვასთან დაკავშირებით, ამ დასაბუთებების საფუძველზე, საქმე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დღეს საქმის ხელმეორედ დაბრუნება ტერიტორიულ ორგანოში და მასზე კვლავ ზ/აღნიშნული გამომძიებლისა და ზემდგომი პროკურორის დანიშნვა, მნიშვნელოვნად არღვევს საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საგამოძიებო უწყებას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და საქმის ტერიტორიულ ორგანოში ხელმეორედ დაბრუნების ფაქტზე სამართლებრივი დასაბუთება მოითხოვა, თუმცა ორგანიზაციამ საპასუხო პოზიციად მიიღო, რომ საქმეზე მიმდინარეობს ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოძიების გამჭვირვალობა მიღწეული ვერ იქნება, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებებსა და საზედამხედველო უფლებამოსილებას ის პირები ახორციელებენ, რომელთა მიმართაც, კომპანიის პრეტენზიებს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ამჟამადაც სწავლობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისს მხრიდან, არ არსებობს დამაჯერებელი ერთი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებისა და კომპანიის დაზარალებულად ცნობისთვის, გამოძიებას საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნია. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოკვეთილია იმ პირთა სავარაუდო წერეც, რომელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ფინანსური დანაშაულის ჩადენისას იკვეთება.

ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე..-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. კვლევა მიწოდებულ იქნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საქმიან წრეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ორგანიზაციის შუალედური ანგარიში და გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, უკვე მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს, ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგის პროცესს. 



კომენტარები