ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები და მათი საჯარო განცხადებები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი კანდიდატის საარჩევნო დაპირება არ შეიცავს სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებულ მიდგომებს და სისტემური დანაშაულებების საქმეებზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას, რაც უკიდურესად შემაშფოთებელი გარემოებაა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოებში, ათობით საქმე განიხილება, რომელიც ეხება 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში ქონებების უკანონოდ გადაფორმების და ჩამორთმევის საქმეებს, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მხარეა. ორგანიზაციის შეფასებით, სისტემური დანაშაულის ყველა საქმეზე თბილისის მუნციიპალიტეტის მერია სადავოდ გამხდარი აქტებისა თუ გარემოებების მიმართ, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ-სამართლოებრივ პოზიციას აგრძელებს. სამწუხაროდ, უცნობია სტატისტიკა, თუ რამდენ ასეთ საქმეზე იქნა მიღწეული დაზარალებულებთან მორიგების შესაძლებლობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის სამართლებრივ პოზიციას ის იურისტები წარმოადგენენ, რომლებსაც წარსულში შემხებლობა გააჩნდათ ასეთი ტიპის საქმეების წარმოებასთან. შესაბამისად, მათი სასამართლო დარბაზებში სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ, ხშირად არათანაზომიერი, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, რაც კრიტიკას ვეღარ უძლებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის რეგისტრირებული 14 კანდიდატის მხრიდან არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალი როლის განსაზღვრა და მასზე საუბარი. კანდიდატების საარჩევნო პროგრამები და დაპირებები, ძირითადად სოციალური-ეკონომიკური ცვლილებების საკითხს უკავშირდება, რომელსაც, აგრეთვე არ გააჩნია სწორი სამართლებრივი დასკვნები და საფუძვლებიც. ჭარბობს პოლიტიკური დემაგოგია და ნაკლებად ორიენტირებულია მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია ცალკე ყურადღებას დაუთმობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალ პოლიტიკურ-სამართლებრივ პოზიციას და მერობის ყველა კანდიდატს მიმართავს, საჯარო გადახადოს მათი დამოკიდებულებები, თუ როგორი იქნება თბილისის მერიის პოზიცია საერთო სასამართლოებში მიმდინარე სისტემური დანაშაულის საქმეებზე, როგორ ხედავს მუნიციპალიტეტი დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობას, შეიცვლება თუ არა მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახური ახალი, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრებით, გეგმავს თუ არა თბილისის მომავალი მერი კანდიდატებიდან რეალური ღონისძიებები გაატაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულებების საქმეებზე დაზარალებულებთან დიალოგისა და საერთი ინტერესების გათვალისწინებით, წარმოებული დავების დასრულების მიმართულებით.
ცნობისთვის: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარმოდგენილია 14 პირი, მათ შორის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.