"ახალგაზრდა ადვოკატები" სს "ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე მთავარ პროკურორს მიმართავს

16 ოქტომბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს პროკურატურას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე კომპანიის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართავს და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ინფორმაციის მიღებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიმართ გაგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა განხორციელებული, რას გულისხმობს საქმეზე ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, უნდა ჰქონდეს თუ არა გამოძიებას ობიექტურობის პრეტენზია, როდესაც საქმეს განიხილავს ის პროკურორები და გამომძიებლები, რომელთა მიმართაც არსებობს მიკერძოების თაობაზე კომპანიის დასაბუთებული პრეტენზიები. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, ინფორმაციისნ მოწოდებას, თუ რა შემაფერხებელი გარემოებებია, რომელიც ხელს უშლის კომპანიის საქმეზე დაზარალებულად ცნობას.

ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევისა და მისი საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ, მხარისთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, საქმე კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. საქმეს კვლავ იძიებს ლაშა ყოლბაია, ხოლო ზედამხედველი პროკურორი კვლავ მირანდა წერეთელია. იქედან გამომდინარე, რომ ისინი, ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, მხარეს გააჩნდა მათ მიმართ დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიები საქმის მიკერძოებით წარმართვასთან დაკავშირებით, ამ დასაბუთებების საფუძველზე, საქმე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დღეს საქმის ხელმეორედ დაბრუნება ტერიტორიულ ორგანოში და მასზე კვლავ ზ/აღნიშნული გამომძიებლისა და ზემდგომი პროკურორის დანიშნვა, მნიშვნელოვნად არღვევს საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს. ამიტომაც, ორგანიზაცია ს.ს.  „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურის მხრიდან მიკერძოებულ სამართალწარმოების ფაქტებზე საუბრობს და ბიზნესის წინაშე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამოძიებას კიდევ ერთხელ, დაუყოვნებლივ მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საგამოძიებო უწყებას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და საქმის ტერიტორიულ ორგანოში ხელმეორედ დაბრუნების ფაქტზე სამართლებრივი დასაბუთება მოითხოვა, თუმცა ორგანიზაციამ საპასუხო პოზიციად მიიღო, რომ საქმეზე მიმდინარეობს ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოძიების გამჭვირვალობა მიღწეული ვერ იქნება, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებებსა და საზედამხედველო უფლებამოსილებას ის პირები ახორციელებენ, რომელთა მიმართაც, კომპანიის პრეტენზიებს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ამჟამადაც სწავლობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, არ არსებობს დამაჯერებელი ერთი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებისა და კომპანიის დაზარალებულად ცნობისთვის, გამოძიებას საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნია. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოკვეთილია იმ პირთა სავარაუდო წერეც, რომელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ფინანსური დანაშაულის ჩადენისას იკვეთება.

ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე..-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა მიწოდებულ იქნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საქმიან წრეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ორგანიზაციის შუალედური ანგარიში და გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, უკვე მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს, ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგის პროცესს.

 



კომენტარები