თბილისში, 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი საზოგადოებრივი შეკრება, ბოლო წლების ქართული, წინასაარჩევნო კამპანიების დაწყების ისტორიაში, უპრეცედენტოა, რაც პირდაპირ მიუთითებს ხალხის კონსტიტუციურ უფლებაზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განხორციელების დროს გამოიყენოს სამოქალაქო უფლება. ფაქტობრივად, პირველად ხდება, როდესაც საპირწონე პოლიტიკური ცენტრის საარჩევნო პროგრამის გასაცნობად, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ღია ცის ქვეშ შეიკრიბება. მოქალაქეების ასეთი აქტიურობა სამოქალაქო და პოლიტიკური თვითშეგნების მაგალითად უნდა განვიხილოთ და პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ხალხის ძალაუფლების შესაძლებლობასთან, რაც ქართულ პოლიტიკაში ხალხის დაბრუნების წინაპირობა უნდა გახდეს.
„ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.“ (საქართველოს კონსტიტუცია, მე–5 მუხლი)
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წლის არჩევნებს ქვეყნის განვითარების პროცესში საეტაპოდ მიიჩნევს და მხარდაჭერას გამოხატავს კონკურენტული, საარჩევნო პროგრამებზე დაფუძნებული, სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების მიმართ, რომლის მთავარ არბიტრად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, გამოდის ხალხი.
ხალხის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია 27 მაისის შეკრებაში მონაწილეობისთვის, ისევე, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას შკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, კანონიერება და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ თავისუფლად განახორციელონ საკუთარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება.