საქართველოს არ გააჩნია ბავშვთა უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია

1 ივნისი, 2012

საქართველო გაერო–ს ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა, თუმცა ქვეყანას, 1990–იანი წლებიდან მოყოლებული და არც ახლა, არ გააჩნია მკაფიო და კონკრეტული სამოქმედო ეროვნული სტრატეგია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, კონვენციით აღიარებული უფლებების განუხრელად დაცვა გამხდარიყო საყოველთაო და პრევენციული, ეს კი შესაძლებელს გახდიდა შემცირებულიყო ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ფაქტები, შექმნილიყო არასრულწლოვანთა დაცვის ეფექტური მექანიზმები, ხელსაყრელი პირობები შექმნოდა ბავშვების გარემო–განვითარებას და სახელმწიფოს ეზრუნა მათი სოციალური დაცვის სისტემის შემოღებისთვის.

მიგვაჩნია, რომ არასრუწლოვანთა დეინსტიტუციონალიზაცია და მართლმსაჯულებაში გატარებული რეფორმა მთავრობის მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, თუმცა სახეზე გვაქვს ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის არ არსებობა, დღემდე პრობლემაა იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გარეთ დარჩენენ.  2011 წელს გამოვლინდა ასეულობით მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვი, რომლებიც სახელმწიფოს პასუხისმგებელ უწყებებს, ფაქტობრივად, არცერთ რეესტრში არ ჰყავდათ დაფიქსირებული. აქ საუბარია სხვადასხვა თავშესაფრებში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე.

მნიშვნელოვანი საკითხია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი და მიგვაჩნია, რომ  სახელმწიფომ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების სასამართლო გადაწყვეტილებების დროს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. მიზანი უნდა გახდეს მოზარდების არა სასჯელაღსრულების სისტემაში გამოსწორება, არამედ იმთავითვე დამნაშავეთა სამყაროსთან გარიდება. ამ თვალსაზრისით, 2011 წლის სტატისტიკით, ქართულ ციხეებში, 199 არასრუწლოვანი ვაჟი და 2 გოგონა იხდიან სასჯელს, რაც განრიდებისა და მედიაციის სახელმწიფო პროგრამის მუშაობას გამოცდის  წინაშე აყენებს.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ბავშვთა უფლებების სფეროში ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილ საზოგადოებრივი პრობლემის – ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ მდგომარეობის შეცვლის მიზნით. მეტიც, ასეთი სოციალური ფენა, საქართველოში, ყოველწლიურად მზარდია. სახელმწიფო არ განსაზღვრავს აღნიშნული კატეგორიის არასრულწლოვნების სტატუსს და დეფინიციას. სამწუხაროდ, არ არსებობს სახელმწიფო სტატისტიკაც, რომელიც ასეთი კატეგორიის ბავშვების რაოდენობას დაადგენდა, არადა გაერო–ს 2008 წლის ბავშვთა კომიტეტის 28–ე სხდომაზე მიღებული რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობას, მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული მითითებები მიეცა. რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველო ვალდებულია: ჩაატაროს კომპლექსური კვლევა ქვეყანაში ქუჩის ბავშვების მასშტაბის,  ბუნებისა და მიზეზების შესაფასებლად,  რათა ჩამოაყალიბოს პრევენციის ეროვნული სტრატეგია", თუმცა ამ რეკომენდაციას  სახელმწიფოს მხრიდან, აგერ უკვე მეოთხე წელია, კონკრეტული ღონისძიების გატარება არ მოჰყოლია. საქართველოში, 2007 წელს ჩატარებული ერთ–ერთი კვლევის თანახმად, ე.წ. „ქუჩის ბავშვის“  რაოდენობა 1600–მდე იყო, თუმცა კვლევა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის მაგალითზე მომზადდა და ადვილად სავარაუდოა, რომ ასეთი კატეგორიის ბავშვების რაოდენობა, დღეს გაცილებით დიდია. მთელი სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ბავშვებს, უმეტეს შემთხვევაში, არ გააჩნიათ იურიდიული დოკუმენტაცია, საცხოვრებელი ადგილი, მათი ნაწილი იურიდიულად არც არსებობენ. ამიტომაც, შეუძლებელი ხდება მათი სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალურ პროგრამებში ჩართულობა და ადაპტაცია.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არასრუწლოვანთა გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მათ მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვა და ამ კუთხით, ერთი მხრივ, მაღალი თანამდებობის პირებს მოვუწოდებთ დაიცვან თმენის მაღალი ვალდებულება, (მიხეილ ალექსიძის საქმე), ხოლო მეორე მხრივ, მიუღებლად მიგვაჩნია, არასრუწლოვნების მიმართ საჯარო სკოლის ადმინისტრაციების მხრიდან ზემოქმედება, რომელიც დაკავშირებულია, მოზარდების მხრიდან, არა სასწავლო შენობაში, არამედ საჯარო სივრცეში, პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მაისურების ჩაცმის გამო გატარებულ სანქციებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები” მივიჩნევთ, რომ აუცილებელია და დროულიც, სახელმწიფომ დაიწყოს ბავშვთა საერთაშორისო კონვენციის 26–ე მუხლით აღიარებული უფლების რეალური განხორციელება და შექმნას არასრულწლოვანთა სოციალური დაზღვევის სისტემა, რათა ბავშვთა დაზღვევა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მართალია, მთავრობამ 2011 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ უზრუნველყოფდა 5 წლამდე ასაკის ბავშვების საყოველთაო დაზღვევას, თუმცა აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და არ პასუხობს კონვენციით აღიარებულ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს არასრუწლოვნების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 18 წლამდე 6.5 მილიონი ბავშვი სარგებლობს აღნიშნული დაზღვევით, მათ შორისაა 3.1 მილიონი უნარშეზღუდული მოზარდი, ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შედეგად, დამატებით 2000 ბავშვი იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ შეღავათებს. 



კომენტარები