„ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების სამინისტროს ლევან კიკვიძის გათავისუფლებაზე რეაგირების დაწყებისთვის მიმართავს

5 ივნისი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის #51 გ. ტაბიძის სახელობის საჯარო სკოლის ისტორიისა და სახელმწიფოს და მოქალაქეობის პედაგოგის ლევან კიკვიძის გათავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევად და დისკრიმინაციად აფასებს და პედაგოგის უფლებებს ნებისმიერ სტადიაზე დაიცავს. ორგანიზაცია ლევან კიკვიძის საჯარო სკოლიდან იძულებით წამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით, ოფიცილური წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს და დაუყოვნებლივ მოითხოვს  სკოლის დირექტორის ქმედებების მართლზომიერებისა და კანონიერების შესწავლას, ფაქტის მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგომას.  

2012 წლი 27 მაისს, ლევან კიკვიძემ მონაწილეობა მიიღო ოპოზიციური პოლიტიკური კუალიციის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დაგეგმილ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაში. მან განახორციელა სამოქალაქო აქტივობა და სოციალური ქსელის მეგობრებს მოუწოდა თავადაც დასწრებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებას. ლევან კიკვიძემ სოციალურ ქსელში, ღონისძიების შემდეგ გაავრცელა ხალხმრავალი შეხვედრის ფოტოები და საკუთარი ფოტოც, სადაც პოლიტიკური კუალიციის მაისურით გამოიყურებოდა.

28 მაისს ლევან კიკვიძემ საკუთარ გვერდზე მორიგი შეტყობინებაც დატოვა. კერძოდ, პედაგოგი გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილის განთავისუფლების ფაქტს და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების მორიგი უზნეო საქციელი იყო“ (სტილი დაცულია). კიკვიძემ სოლიდარობის ნიშნად საკუთარ გვერდზე მაია მიმინოშვილის ფოტოც ატვირთა.

29 მაისს, ლევან კიკვიძეს საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მსვლელობისას შეატყობინეს, რომ სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა იბარებდა. დირექტორმა პედაგოგს 27 მაისის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაში მისვლისკენ მოწოდების, პირადი მონაწილეობისა და მაია მიმინოშვილის მხარდაჭერის გამო, განმარტებები მოსთოხვა და ურჩია, რომ დაეწერა განცხადება და სკოლიდან წასულიყო. დირექტორი პედაგოგს ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოებისა და შეტყობინებების თანდასწრებით ესაუბრებოდა. ლევან კიკვიძის სიტყვებით, დირექტორის პოზიცია იყო – პედაგოგი დალოდებოდა ხელისუფლების შეცვლას და ახალი ხელისუფლების შემდეგ დასაქმებულიყო. კიკვიძე დირექტორის მოწოდებას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ 27 მაისს მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ხოლო სკოლიდან წასვლის განცხადების დაწერას არ აპირებდა.

30 მაისს ლევან კიკვიძესა და სკოლის დირექტორს შორის მორიგი შეხვედრა შედგა. პედაგოგმა დირექტორს აცნობა, რომ თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად და აღარ ჰქონდა მშვიდი პედაგოგიური გარემო, გრძნობდა დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციას და სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილებას ღებულობდა. დირექტორმა საუბარში აღნიშნა, რომ კიკვიძის სკოლიდან წასვლას იურიდიულად იმით ახსნიდა, რომ თითქოსდა შრომითი ხელშეკრულება ამოიწურა, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას სკოლა იმ მოტივით აღარ გააგრძელებდა, რომ მას ჩაბარებული არ ჰქონდა პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა. ცნობისთვის: ლევან კიკვიძეს სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 15 სექტემბერამდე ჰქონდა დადებული, ხოლო კანონი 2014 წლამდე, სავალდებულოდ არ ხდის სკოლაში სერთიფიცირებული პედაგოგების საქმიანობას.

1 ივნისს, ლევან კიკვიძე სკოლაში მივიდა, რათა პედაგოგიური საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დირექციისთვის ოფიციალური განცხადება გადაეცა, თუმცა პედაგოგი სკოლის შენობაში დაცვის სამსახურმა აღარ შეუშვა. სკოლის დირექტორმა, დავით ლაგვილავამ  პედაგოგის ბრალდებებს მედიით უპასუხა და აღნიშნა, რომ „მასწავლებლის სისულელეებზე კომენტარს არ გააკეთებს.“ გაზეთ „რეზონანსის“ 1 ივნისის ნომერში, სკოლის დირექტორი ლევან კიკვიძის შესახებ ამბობს: „როგორც ჩანს, მას პრობლემები ჰქონდა. კიკვიძე არაადეკვატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.“  (სტილი დაცულია)

ორგანიზაციის შეაფსებით, არსებობს საკმარისი გარემოებები, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო განხორციელდა. სკოლის დირექტორის ქმედებები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მეტიც, დირექტორის დამოკიდებულება დისკრედიტაციას უკეთებს ლევან კიკვიძის პედაგოგიურ მომავალს, რადგანაც ნადგურდება მასწავლებლის ყველაზე დიდი სამართლებრივი სიკეთე – უკვე შესაძლებელია, არც ერთმა სკოლამ აღარ მოისურვოს ლევან კიკვიძესთან ახალი შრომითი ურთიერთობის დაწყება. ჩვენივე შეფასებითვე, სკოლის დირექტორმა თავად დაარღვია პედაგოგთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მე–3 პუნქტი, როცა დამსაქმებელი ვალდებულებას იღებდა განეხორციელებინა პედაგოგის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაეშვა დასაქმებულის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.

ლევან კიკვიძე არის ევროკომისიისა და საქართელოს პრეზიდენტის სტიბენდიანტი, რომელიც თბილისის #51 საჯარო სკოლაში 2011 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. არის 12-მდე სამეცნიერო ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 14-მდე სამეცნიერო და პუბლიცისტური  სტატიის ავტორი, 2 სამეცნიერო კრებულის შემდგენელი და 2 ლიტერატურული კრებულის შემდგენელ-რედაქტორი. არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დიპლომატიისა  და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობის კურსდამთავრებული, ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ლატვიურ ენებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მომხდარის შესახებ შეტყობინება უკვე გაუგზვანა პედაგოგთა საერთაშორისო გაერთიანებებს და მიმართა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, რათა ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვეწოდოს ქართველი პედაგოგის ევროპაში მიღებული განათლების, კომპეტენტურობისა და კვალიფიციურობის შესახებ, რომელი შესაძლებლობებიც, სკოლის დირექტორისთვის, მასწავლებლის იძულებით სკოლიდან წამოსვლის შემდგომ, არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

 



კომენტარები