„ახალგაზრდა ადვოკატები” კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

31 იანვარი, 2018

2018 წლის 01 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში,  მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის - ქობულეთის შემოვლითი გზის  მშენებლობის ფარგლებში დაზარალებული მოქალაქის უფლებების აღსადგენად სარჩელს შეიტანს. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების - სამტრედია-გრიგოლეთის 18,5 კილომეტრიანი და თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული გზის, ქობულეთის შემოვლითი გზის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და რიკოთის უღელტეხილთან მისასვლელი გზის პროექტების (ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი) ტენდერებისა და მისი გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი კვლევის დაწყებაზე განცხადებას გააკეთებს.

ორგანიზაციის  განცხადებით, დასახელებულ პროექტებში, საკითხის წინასწარი შესწავლის შემთხვევაში, იკვეთება სავარუდო დარღვევები, როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. საქმე ეხება ტენდერებს, მათი ჩატარების კანონიერებასა და შემსრულებელი კომპანიის მხრიდან კონკრეტული სამუშაოების შესრულების პროცესში მთელ რიგ სავარაუდო დარღვევებს, რაც შეიძლება იყოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შრომითი უსაფრთხოების პირობების დარღვევა და მშენებლობების არეალში მცხოვრებ პირთა საკუთრების უფლების შელახვა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოში მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სამართლებრივი მონიტორინგი 2018 წლის იანვარში დაიწყო და საკითხის კომპლექსური შესწავლის მიზნით უკვე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

 



კომენტარები