თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“, ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერ თ.მ.-ს დისკრიმინაციის საფუძველზე უკანონო გათავისუფლების ფაქტზე სამართალწარმოების პროცესი დაიწყო. სასამართლო მხარეებს დავის მორიგებით დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი ბანკი გათავისუფლებულ თანამშრომელთან დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს, საქმის ინტერესებს მოემსახურება. როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე განაცხადა, პრეცედენტულ დავაზე დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილებაზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი „VTB ბანკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძეა, თუმცა ბანკმა განაცხადა, რომ ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერი არ გათავისუფლებულა არავითარი მიზეზით, მასთან დასრულდა ვადიანი ხელშეკრულება და შესაბამისად, ბანკი არ განიხილავდა მორიგების შესაძლებლობის წინადადებას. არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, ბანკი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გაკიცხვას აირიდებდა, რაც შეიძლება საქმის შედეგებით დამდგარიყო.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა მიერ დავის გარემოებებიდან წარმოშობილი ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობები. შესაბამისად, სასამართლომ მათზე მსჯელობა მომდევნო სხდომისთვის მიიჩნია მიზანშეწონილად. ამასთან, მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი, თუ ბანკის რომელი თანამშრომლის მოწმის სახით დაკითხვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შუამდგომლობები, მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, პროცესის მონაწილე მხარეებს, თანაბრად გააჩნიათ.
საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც, თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან თ.მ. სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება თ.მ.-მ ადვოკატის დახმარებით, მხოლოდ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოს მეშვეობით ითხოვს საქმეზე დისკირიმინაციის ფაქტის დადგენას, სადავო ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას, მორალური ზიანის ანაზღაურებას და მენეჯერის მიმართ სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემას. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ია გოგნაძე უზრუნველყოფს. მომდევნო სხდომის თარიღი, მოცემულ ეტაპზე, სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.