საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გადახედვის წინადადება უნდა მიიღოს

16 ივნისი, 2012

“ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას განმარტებისთვის ოფიციალური წერილით მიმართავს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპიდან გამომდინარე, მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას – მიმდინარეობს თუ არა მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის შემორიგების მიზნით და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შეთავაზების გარდა, არსებობს თუ არა პოლიტიკური მზადყოფნა განხორციელდეს 2012 წლის 15 მაისის ევროკომისიის რეკომენდაციები და გადაიხედოს 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

ევროკომისიის რეკომენდაციით, „საქართველომ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების/კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა დე ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით; გადადგას პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით; გადახედოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს; სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური მომსახურების შეთავაზება შერიგებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია – საჭიროა მისი გაფართოება ისეთი წინაპირობების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიღების ვალდებულება“, თუმცა აღნიშნული წინადადებების შესახებ დღემდე უცნობია საქართველოს მთავრობის  პოზიცია და დამოკიდებულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან საერთაშორისო რეკომენდაციების გაზიარებას უნდა მოჰყვეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე–6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების კორექტირება, რაც გულისხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის მაგალითებს. ჩვენი მოსაზრებით, თუკი საქართველო აღნიშნულ კანონს სახელმწიფო ინტერესების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის თუ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გადახედავს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობითა და კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა და მხარეებს შორის ახალი კონტაქტების დამყარება, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან გამოტანა და ფულადი გადარიცხვების ორგანიზება და ამ მიზნით, გამართლებულად მიგვაჩნია სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა.

ორგანზიაცია წარმატებულ დიპლომატიურ ნაბიჯად მიიჩნევს აშშ–ის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობისათვის „ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის“ აღიარებას, რაც კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლად ან სამოგზაუროდ გაემგზავრონ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე, თუმცა ასევე სრულად ვიზიარებთ ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული დოკუმენტი, ვიდრე რეგიონების მაცხოვრებელთა უფრო ფართო ფენის მიერ არ იქნება მისაღები, აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე, მგზვარობის ერთადერთი შესაძლებლობა არ უნდა იყოს.

საჭიროა, საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას მკაფიო გეგმა გააცნოს, თუ როგორ აპირებს აფხაზი და ოსი მოქალაქეების დაინტერესებას ისარგებლონ აღნიშნული დოკუმენტით და რა საერთაშორისო ძალისხმევა იქნება გაწეული, იძულებულ იქნეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, „ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის“ მიმართ ვერ მოახდინოს მოსახლეობის დაშინება. ცნობისთვის: დოკუმენტის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება, 18 წლამდე პირები კი, ნეიტრალურ პირადობის მოწმობას 3 წლის ვადით მიიღებენ. ასეთი დოკუმენტი უკვე აღიარებული აქვს ლიტვიის, ლატვიის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და იაპონიის სახელმწიფოს. 2012 წლიდან, მათ რიცხვს, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკომისიის რეკომენდაციებთან და მთავრობის სტრატეგიასთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდის გამართვასაც გეგმავს და ექსპერტული წრეების მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შესაძლო ახალი მიდგომების დადებითი და უარყოფითი ფაქტორების განხილვას.

 

 

 



კომენტარები