თბილისის მგგ-ის დოკუმენტი ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის წინაპირობებს აჩენს

15 თებერვალი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების დოკუმენტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საფუძვლებით განხილვის ნიშნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის მცდელობას, თუკი დოკუმენტი არსებული სახით მიიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების დოკუმენტის ავტორთა მოსაზრებით, სამ მოსალოდნელ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასთან - რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის, არსებობს მოქმედი მესაკუთრეთა უფლებების დაცვის პრეზუმცია. შესაბამისად, წარმოდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ტერიტორიების გამოთავისუფლება წარმოდგენილია იმ აუცილებელი კვლევის გარეშე, როდესაც საუბარი არ არის მოქმედი მესაკუთრეების ინტერესებზე. პირიქით, თბილისის მგგ-ის ავტორთა შეხედულებით, წარმოჩენილია ვითარება, როდესაც მესაკუთრეები თითქოსდა თანხმობას გამოთქვამდნენ საკუთრების უფლების დათმობაზე. ამასთან, თბილისის მგგ-ის დოკუმენტში, საუბარი არ არის იმ ტერიტორიის მესაკუთრეთა განწყობებზეც, რა ნაწილშიც ნაგულისხმევია ინფრასტრუქტურული ობიექტების გადატანა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის ხარვეზის კიდევ ერთი მაგალითი სწორედ მესაკუთრეთა უფლებების დაცვის არარსებობაა, ქონებათა გადანაწილების პროცესში კი, არსებობს პირადი ინტერესების გამოკვეთის საკითხი და ეკონომიკური დანაშაულის სავარაუდო ხასიათი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით, ამასთან დოკუმენტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაცული მესაკუთრეთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, საკონსულტაციოდ სისხლის სამართლის სფეროს გამოცდილ სპეციალისტებსა და ექსპერტებს მიმართავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების დოკუმენტი რამდენად იცავს მესაკუთრეთა უფლებებს და აღნიშნული დოკუმენტი რამდენად შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრების უფლების დაცვას ავალდებულებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის მმგ-ს შექმნა რეალურად წარმოადგენს გავლენიანი ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ მომსახურების ღირებულებისთვის ასტონომიული თანხა - 2800000-00 მილიონი ლარი არ უნდა გადაეხადა. ორგანიზაციამ ანალიზი გაუკეთა საერთო სასამართლოებიდან მიღებულ დოკუმენტაციას, რომლითაც დგინდება, რომ თბილსიის მგგ-ის განახლებული დოკუმენტი იმეორებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის (ოპერატიული) გეგმის“ იმ დოკუმენტის პრინციპებს და შინაარსობრივ მიდგომებს, რომელიც 2009 წელს იქნა, ჯერ დაწუნებული, შემდეგ მიღებული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის 21 დეკემბერსა და 2018 წლის 15 იანვარს მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ორგანიზაცია „სიტი ინსტიტუტი საქართველო“ დაჯარიმდა ა) მეორე ეტაპზე 5600 ლარით, ბ) მეოთხე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600 და 140000-00 ლარით, ბ) მეექვსე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600-00 და 140000-00 ლარით. ამასთან, შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, მომსახურების ღირებულების გადასახდელი 2800000-00 მილიონი ლარის გადახდა, ხელშეკრულების დანართი #3-ის მიხედვით, განაწილდა შემდეგნაირად - პირველ ეტაპზე - 620000-00 ლარი, მეორე ეტაპზე - 46 0000-00 ლარი, მესამე ეტაპზე - 48 0000-00 ლარი, მეოთხე ეტაპზე - 440000-00 ლარი, მეხუთე ეტაპი არ ითვალისწინებდა თანხის გადახდას, ხოლო მეექვსე ეტაპის საბოლოო მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შესმრულებელ ორგანიზაციას, 2018 წლის 12 იანვარს, გონივრული ვადა შესთავაზა, რაც 45-დღიანი პერიოდით შემოიფარგლა და 25 თებერვლისთვის სრულდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც „შემსრულებელს“ დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.

ცნობისთვის: . „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება. სწორედ საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციამ 2018 წლის 15 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ორგანიზაცია მზადაა, დავა სასამართლო წესითაც გააგრძელოს.  



კომენტარები