ხელისუფლების მხრიდან Must Carry-ზე თანხმობით, არჩევნების ჩატარებას აზრი მიეცა

22 ივნისი, 2012

საქართველოს პარლამენტის თანხმობა კერძო საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ ეროვნული მაუწყებლები და საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეს მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მოუსმინონ და შეაფასონ განსხვავებულ აზრს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შთამბეჭდავი წარმატებაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებას შემაშფოთებელს ვუწოდებთ და დემოკრატიული, მიუკერძოებელი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობად ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობას ვასახელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად პოზიტიურია, რომელიც მედია–გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და დემოკრატიული პრინციპების გამტკიცებას უწყობს ხელს, თუმცა საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად, საზოგადოება მოითხოვს დაზუსტებას და განმარტებას, ოფიციალურ დოკუმენტს, თუ რეალურად რას ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტია, რა ვადებში უნდა მოხდეს ინიციატივის ამოქმედება, რა იგულისხმება  წინასაარჩევნოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში და რა სახით მიიღებს კანონის სახეს საზოგადოებრივი კამპანიის „ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული must carry-სა და must offer-ის საკანონმდებლო წინადადებები – თავად მმართველი პარტია მოახდენს ინიცირებას თუ ძალაში რჩება წარდგენილი წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად 30 000 ათასი მოქალაქის ხელმოწერის გზით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, must carry-სა და must offer-ის პრინციპის საკანონმდებლო ნორმად ქცევა შექმნილ პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ვითარებაში ერთადერთი კომპრომისული და გონივრული გადაწყვეტილება იქნება. ხელისუფლების ნება must carry-სა და must offer-ის პრინციპით ისარგებლოს საზოგადოებამ, წინასაარჩევნო პროცესს სამართლის სიბრტყეში დააბრუნებს. ეს იქნება ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა, რათა მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი მოიხსნას და ინფორმირებულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი არჩევანი გააკეთოს და დაიცვას კიდეც.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების არაერთი მცდელობა და მოწოდება, ხელისუფლებამ შექმნას სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ამ პერიოდისთვის, მიუღწეველია. ჩვენი აზრით, ხელისუფლების მზაობა გახსნას საინფორმაციო ველი, ქართული საზოგადოების ძალისხმევასთან ერთად, საქართველოს მოკავშირე და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ზეწოლის შედეგსაც წარმოადგენს. რად ღირს 2012 წლის მაისში ევროკომისიის მიერ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის შემდგომ, არანაკლებ შემაშფოთებელი გაეროს სპეციალური მომხსენებელის, მაინა კიაის საბოლოო ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში, სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ must carry-სა და must offer-ის პრინციპების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას დაუყოვნებლივ მოითხოვს და იმ შემთხვევაში, თუკი ინიციატივის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში 30 000 ხელმოწერით გადაწყდება, გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მის საზოგადოებრივ მხარდაჭერაში.

 



კომენტარები