აჭარაში ტრეფიკინგის ფაქტებზე დუმილი საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინაპირობებს ქმნის

29 ივნისი, 2012

საქართველო შავიზღვისპირეთში ტრეფიკინგის რეალური ფაქტების შექმნით, კრიმინალური ბიზნესის დაუსჯელობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურიგებელი პოზიციით,  საერთაშორისო სკანდალის წინაშე იმყოფება. მედიის მხრიდან საზოგადოებისთვის გონიოს მაგალითზე წარმოჩენილმა ფაქტებმა აჭარის ტურისტული მიმზიდველობა, შესაძლებელია დარტყმის ქვეშ დააყენოს, რაც ეკონომიკურ ზარალში გამოიხატება. ჯერ კიდევ გამოძიების მიღმა რჩება გონიოში, 27–მდე სასტუმროს რეალური დანიშნულება. მოქალაქეები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სასტუმროები, რომელთა ფლობელებიც თურქი ეროვნების მოქალაქეები არიან, არაოფიციალურ ბორდელებს წარმოადგენს, სადაც შუა აზიის ქვეყნებიდან, უმეტესწილად კი უზბეკეთიდან ჩამოსული 500–მდე ქალბატონი მუშაობს. ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორისაა თურქეთიდან დეპორტირებული ყაზახი, უზბეკი, ტაჯიკი, დაღესტნელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი ქალბატონები. ადგილობრივების განცხადებით, 20:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, მათი გადაადგილების უსაფრთხოება დაუცველია, შექმნილი ვითარება წარმოადგენს უზნეობის გაუგონარ მაგალითს, ყოველდღიური ხასიათი აქვს მიღებული ღრეობას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცემას, ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა ტრეფიკინგში ჩაბმული მსხვერპლის მკვლელობისა და თვითმკვლელობის შემთხვევები. ორგანიზაციას ადგილზე განუმარტეს, რომ გონიოში, ბათუმსა და ახლა უკვე ქობულეთში, ტრეფიკინგი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხილული გახდა, რაც გამოიწვია ტრაპიზონიდან სარფამდე, თურქეთის ტერიტორიაზე აკრძალულმა კლუბებმა და გართობის ობიექტებმა, ყოველივე ამან კი აჭარა ტრეფიკინგისთვის ნოყიერ ნიადაგად აქცია.  ტრეფიკინგის მსხვერპლთ აიძულებენ მომსახურება მხოლოდ თურქი ეროვნების მოქალქეებთან გასწიონ, რომლებიც, აღნიშნულ სასტუმროებს, მოსასვენებელ ადგილად იყენებენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყოს დროული მოქმედება და დაიწყოს გამოძიება. საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმებების მონაწილე ქვეყანას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 1431, მუხლი 1432, მუხლი 1433) სანქცირებას უკეთებს დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ მივმართავთ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებს შექმნილ ვითარებაში გარკვევას და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რათა მიღებულ იქნეს გადამჭრელი ზომები მათი ქვეყნის მოქალქეთა განთავისუფლებისთვის. ჩვენ უკვე ვართ სამწუხარო რეალობის წინაშეც, ვინაიდან აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, (მოიცავს 186 ქვეყანას) საქართველო დასახელებულ იქნა ტრეფიკინგის წყაროდ და ტრანზიტ ქვეყანად, რაც 2011 წლის მონაცემთან შედარებით განსხვავებული შეფასებაა, რა დროსაც, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ კალათაში ინარჩუნებდა პოზიციებს. (ქვეყანა სრულად აკმაყოფილებდა ტრეფიკინგის მძიმე ფორმების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს) საქართველოს მიმართ, ცოტა ხნის წინ კრიტიკული რეკომენდაცია შეიმუშავა ევროპული კონვენციის მონიტორინგის ჯგუფმაც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, თუკი საქართველოს სახელმწიფო დროულად არ დაიჭერს პრინციპულ პოზიციას და არ დაიწყებს გამოძიებას მედიით გაშუქებულ და ადგილობრივი მოქალაქეების ჩვენებების საფუძველზე, საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები საქართველოში გონიოს მაგალითზე, პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინაპირობების შექმნის შესახებ, რეალური იქნება. თუკი სახელმწიფოს მიზანია პროსტიტუციის ლეგალიზაციას საკანონმდებლო საფუძვლები შეუქმნას, ეს სურვილი უნდა გახდეს ცნობილი და საზოგადოებაში საკითხზე წარიმართოს ჯანსაღი დისკუსია. სამწუხაროდ, თემის ირგვლივ, არც იურიდიულ საზოგადოებაში არ არსებობს ერთიანი აზრი. უნდა მოხდეს საყოველთაო კონსესუსი და საქართველოს საზოგადოება შეთანხმდეს, ახდენს სოციალური პრობლემის ლეგალიზაციას თუ რეგულაციას, რადგანაც პრობლემა პირდაპირ დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორის ურთიერთკავშირთან – ქცევის ლეგიტიმაციის მიზანშეწონილობასთან, ზნეობრივ ნორმებთან, ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან და სხვა, თუმცა თავიდანვე უნდა გახდეს ცხადი, რომ საქართველოს სახელმწიფო ემიჯნება ტრეფიკინგსა და პროსტიტუციის ლეგალიზაციის საკითხის ერთგვაროვნებას და თითოეული გამოვლინება წარმოადგენს განსხვავებული სამართლებრივი დაცვის სფეროს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, რათა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება მედია–ჰოლდინგ „აჭარა P.S.”- ის მიერ 2012 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაზე  და ქობულეთში, ჩოლოქთან, თურქი მეპატრონის მფლობელობაში არსებული სასტუმროს საქმიანობის შესწავლა, უპასუხონ  ადგილობრივი საზოგადოების ინტერესს, რომლის თანახმადაც, მოქმედებს თუ არა არაოფიციალური ბორდელი ტერიტორიაზე და არსებობს თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლნი აღნიშნულ ტურისტულ ქალაქშიც.  



კომენტარები