დღეს სასამართლო ხაშურის ე.წ. „ბაღების საქმეზე“ საკონკურსო კომისიის უმრავლესობას დაკითხავს

5 მარტი, 2018

2018 წლის 6 მარტს, ხაშურის რაიონული სასამართლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის სარჩელის განხილვას გააგრძელებს. სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოებული დავის ფარგლებში, გაერთიანების საკონკურსო კომისიის წევრები: ანნა ლაბაძე, ინეზა ელისაშვილი, აკაკი ჯამბაზიშვილი, ხათუნა ელისაშვილი, მანანა ბერაია და კომისიის მდივანი, თეა ჭავჭავაძე დაიკითხებიან. სასამართლო აღნიშნული მოწმეების დაკითხვას სწორედ 6 მარტის სხდომაზე ვარაუდობს, მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობები კი თანაბრად ეკუთვნოდათ, როგორც მოსარჩელეებს, ასევე მოპასუხე მხარეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მიუკერძოებლობის დადგენის მიზნით, მოსამართლეს გასულ სხდომაზე ჰკითხა, რა სამსახურეობრივი ურთიერთობები არსებობდა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების მოქმედ დირექტორ დავით ნოზაძესთან და იღებდა თუ არა მონაწილეობას ბაღების სამართლებრივად ჩამოყალიბების პროცესში. აღნიშნული კითხვა მოსამართლის აცილების საფუძვლების დაყენების შემდეგ დაისვა, რა დროსაც, არჩილ კაიკაციშვილმა, მტკიცებულებად მოსამართლის ბიოგრაფია მოიხმო და აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე, თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად და მოსამართლეობამდე თვითმმართველობაში საქმიანობა თეიმურაზ ფარეიშვილის ბოლო სამსახურს წარმოადგენდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მოპასუხე მხარესთან ახლო სამსახურეობრივი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მხარეს არ უნდა ჰქონოდა განცდა, რომ საქმის შედეგებზე აღნიშნული რაიმე გავლენას იქონიებდა. სხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხი არ დამდგარა და აღინიშნა, რომ მოსამართლის შემდგომი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიკერძოებისა თუ მიუკერძოებლობის მაჩვენებელი.

როგორც ცნობილია, ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საკონკურსო კომისიამ თავისი უფლებამოისლება განახორციელა კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო. ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს პირებმა, რომლებიც დაწინაურდნენ კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან პირადი შემხებლობის გამო. ამასთან, რაც ყველაზე საგანგაშოა, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ირმა გომარელი აღმოჩნდა პირდაპირი დისკირიმინაციის მსხვერპლია. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და გაერთიანების მთავარმა სპეციალისტმა, განუცხადა, რომ „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" (სტილი დაცულია). განსახილველ შემთხვევაში, ირმა გომარელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ პაკეტს, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას საქმიანობა საამღზრდელო დაწესებულებაში გაეგრძელებინა. ორგანიზაცია საქმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო სისტემას და შრომით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც საქმეზე მონიტორინგის განხორციელება ეთხოვათ.

ცნობისთვის: ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო. იმავდროულად, ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქმეზე მოკვლევას აწარმოებს ხაშურის რაიონული სამმართველო, სადაც მოსამარჩელეები გამოიკითხნენ და უნდა დაიკითხოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით ნოზაძე. რაც შეეხება სასამართლოს, დავას განიხილავს მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები