„ახალგაზრდა ადვოკატები“ თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის გაერთიანებების პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრო

7 მარტი, 2018

2018 წლის 7 მარტს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების და მხარდაჭერის ფარგლებში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) თბილისში გამართულ აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტ მეტინ ფეიზოღლუსთან შეხვედრას დაესწრო, რომელმაც ქართველი ადვოკატებისთვის წაიკითხა ლექცია, თემაზე: „ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.

საჯარო ლექციის შინაარსი შეეხო ადვოკატის პროფესიის პრაქტიკისა და მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებს. მეტინ ფეიზოღლუმ უპასუხა ქართველი ადვოკატების კითხვებს და მოსაზრებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მიესალმა თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტ მეტინ ფეიზოღლუს საქართველოში ვიზიტს და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციებს შორის ინსტიტუციური დიალოგი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს პროფესიულ შესაძლებლობებს. თურქეთი საქართველოს ისტორიული მეზობელია და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. საქართველოში არაერთი თურქული ფირმა საქმიანობს და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე საერთო მიდგომები, კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის პროფესიათა შორის დიალოგს. არჩილ კაიკაციშვილი დაინტერესდა ორი საკითხით. კერძოდ, თუ რამდენად ეფექტური იყო თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რამდენად ხშირად ხდებოდა ადვოკატების სავარაუდო გადაცდომებზე მომართვიანობა და რა ტიპის დარღვევები იკვეთებოდა ადვოკატების საქმიანობაში. ამასთან, კითხვა ეხებოდა თურქი ადვოკატების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკას და მათ მოტივებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტინ ფეიზოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ადვოკატთა ასოციაცია აქტიურ მოქმედებებს ახორციელებდა ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და პასუხისმგებლობის ზომების გატარებაზე. ამასთან, სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე სისტემატურ ხასიათს ატარებდა მომართვიანობაც. მისივე განცხადებით, თურქი ადვოკატები ყველაზე დიდ პრობლემას პოლიციასთან ურთიერთობის დროს აწყდებოდნენ. ადვოკატები ხშირად ხდებოდნენ სამიზნე, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. მეტინ ფეიზოღლუს თქმით, ადვოკატების ბრალეულობის საფუძვლების წარმოებისთვის, ყველაზე „ხელსაყრელ“ მიზეზებს წარმოადგენდა, თითქოსდა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირება ან/და ოფიციოზისთვის არასასურველი კლიენტის დაცვა. ამ საფუძვლებით, ადვოკატები კანონთან კონფლიქტში უკანონოდ ხდებოდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც კოლეგას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულახდილი საუბრისთვის. დღესვე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილეს TURK-AV-ის გაფართოვებისა და რუსეთის ფედერაციის წევრობის საკითხიც და საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც.



კომენტარები