„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა საჯაროდ მოხდეს უკანონო სატელეფონო საუბრების მოსასმენი აპარატურის დემონტაჟი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე განცხადება, კერძოდ, სატელეფონო საუბრების მოსმენის, ინტერნეტ-კონტროლის და მსგავსი უკანონო ქმედებების სამართალდამცველების მხრიდან აკრძალვის შესახებ, თუმცა საზოგადოების ხანგრძლივი სიმშვიდისთვის საჭიროა ინიციატივის საჯაროდ დემონსტრირება. ამასთან, აუცილებლობასთანაა დაკავშირებული მოთხოვნის უზრუნველყოფა განხორციელდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამონაწილეობით. აუცილებელია საკითხთან დაკავშირებითვ შეიქმნას არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სპეციალისტებიც. მეტიც, შსს–ს მხრიდან უკანონო მოსასმენი სისტემის დემონტაჟის პროცესს მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ხოლო საკითხთან მიმართებით როგორც შსს, ასევე იუსტიციის სამინისტრომ ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პარლამენტს. უნდა მოხდეს უკანონო სატელეფონო საუბრების აპარატის თუნდაც ქვეყნიდან გატანა. მიგვაჩნია, რომ მოცემული შემთხვევა სამართლიანობის აღდგენის და საზოგადოების სახელმწიფოსთან ნდობის საუკეთესო შესაძლებლობა და წინაპირობა იქნება.
„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სამართალდამცველი სისტემის დეპოლიტიზირებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სტრუქტურების შექმნა საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. სახელმწიფოს უარი უკანონო სატელეფონო მოსმენების, ინტერნეტ–კონტროლსა და მოქალაქეთა პირადი თავისუფლების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ზედმიწევნით ჰქონდეს საჯარო ინფორმაცია პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების შესახებ. ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამჭვირვალობას და დაზუსტებას მოითხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, ასევე მოვითხოვთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს უკანონო მოსმენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის შესახებ. მივმართავთ მედიას, აღნიშნული სასამართლო პროცესის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, უზრუნველყონ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა და საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოძიება დაიწყოს იმ ადამიანების მიმართაც, რომლებმაც თავიდ დრროზე, აღნიშნული აპარატურა შეიძინეს, ჩამოიტანეს საქართველოში, დაამონტაჟეს. მნიშვნელოვანია, ასევე არ დაიხუროს ის მიმდინარე საქმეები, რომლებიც უკანონო მოსმენების ბრალდებით მიმდინარეობს. სასამართლო საქმის განხილვის პროცესში უნდა იყოს ღია და საჯარო.
„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ პრინციპული მნიშვნელობისაა პასუხისმგებლიანი მინისტრის საზოგადოებისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულება, თუმცა რეფორმისთვის შემჭიდროვებული ვადების დანახვა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც, ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა უკანონო სატელეფონო საუბრების მოსმენის, ინტერნეტ-კონტროლისა და მსგავსი უკანონო ქმედებების სამართალდამცველების მხრიდან აკრძალვაზე. მინისტრმა მთავარ პრიორიტეტად პოლიციის დეპოლიტიზაცია და სამართალდამცველების ხალხის სამსახურში ჩაყენება გამოაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, გაუქმდება ასევე ,,კუდ”-ი და ,,სოდ”-ი. ,,კუდ”-ის ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნება, ,,სოდ” ის ფუნქციებს კი კრიმინალური პოლიცია შეითავსებს. როგორც აღინიშნა, სამინისტროს რეფორმირების მიზნით, რეფორმებისა და განვითარების ეროვნული ბიურო შექმნება, რომელმაც ცვლილებების გეგმები წინასწარ უნდა შეიმუშაოს და გააანალიზოს.