ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საზოგადოებას აღმასრულებელი გუნდის განახლებული შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა და კოლეგიალობის, პროფესიული ქცევის სტანდარტსა და პასუხისმგებლობაზე შეფასება გააკეთა.
„ორგანიზაციის ისტორია სხვა არაფერია თუ არა მისი თითოეული წევრი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შესაძლებლობების ორგანიზაციაა. მსიამოვნებს, როდესაც ვისმენ ასეთ შეფასებებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლების მანძილზე, ორგანიზაციის სახელს და ღირებულებებს ღირსეულად ატარებდნენ.
მე მინდა დღეს მივესალმო ამ დარბაზში მყოფ ახალგაზრდა ადვოკატების დიდ ოჯახს, სხვადასხვა თაობის წევრებს, რომლებმაც სწორედ ჩვენს ორგანიზაციაში მიღებული ცოდნით, გამოცდილებით და შესაძლებლობებით არანაკლებ საინტერესო პროფესიული ცხოვრება გააგრძელეს და დღეს მაღალი პასუხისმგებლობით საქმიანობენ საჯარო და კერძო სექტორში.
მე ვამაყობ თქვენით და დიდი მადლობა ყველაზე მთავარისთვის, ჩვენს პროფესიაში და საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამისთვის - თქვენი ღირსებისთვის, ერთგულებისთვის, პატივისცემისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატებში“ ყოველთვის საქმიანობდნენ საინტერესო ადამიანები. ყველაზე სკეპტიკოსიც კი აღიარებს, რომ თუ ჩვენთან კონკურსი გადალახე, მაშინ უნდა გადალახო ყველაზე ჩაუჭრელი გამოცდაც:
- ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვის მორალური პრეტენზია ერთმანეთთან მიმართებით პასუხისმგებლობაზე გადის,
- ჩვენთან საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი პატიოსან დამოკიდებულებებზე გადის,
- ჩვენთან „კოლეგა“ განსაკუთრებული სტატუსი და ღირებულებაა, ამ სტატუსის შელახვა კი - ყოვლად დაუშვებელი,
- ჩვენთან ღირსებასაც სხვა ფერი და სახელი აქვს. ღირსების გარეშე შეუძლებელია საქმიანობდე ჩვენს პროფესიაში, გერქვას იურისტი, გეცვას მანტია და საუბრობდე სამართლიანობის სახელით. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი დევიზის პირველი სიტყვაც ღირსებაა. ღირსების გარეშე შეუძლებელია ფასი ჰქონდეს ვინმეს წარმატებას ან რაიმე ურთიერთობებს. პრეცედენტებს.
ორგანიზაციას, მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე, ახალი სახეები ჰყავს.
მე უკვე ვამაყობ მათით, მათი სწორი ხედვით, მათი აზროვნებით, მათი ღირებულებებით, მათი პრინციპებით, მათი საქმისადმი, კლიენტისადმი, საზოგადოებისადმი დამოკიდებულებებით, მათი პატიოსნებით და წესიერებით.
მე, როგორც ხელმძღვანელი, როგორც ადვოკატი, როგორც ადამიანი, მე მათ ვასწავლი და თითქმის ყოველდღე ვეუბნები, რომ ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის წინაშე სამართლიანები, რომ შემდეგ სხვისი სამართალი დავადგინოთ. ვეუბნები, რომ შეუძლებელია დაღლა ჩვენს პროფესიაში. ვეუბნები, რომ მადლიერების გრძნობა ყველაზე მთავარი ღირებულებაა, რაც სუსტი, გაქცეული და შეშინებული ადამიანის მაგალითი ვერ იქნება, ხოლო სიტყვა: „მადლობა“ უნდა ვუთხრათ ყველას, დაწყებული მშობლიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი და პროფესიული ცხოვრების გზა წარმატებისკენ გაგიხსნა, ვინც მოგცა მთავარი შანსი - გემსახურა პროფესიისთვის და გემსახურა ადამიანებისთვის.
და დღეს, თუკი ვინმე „მადლობას“ მოითხოვს, მე მინდა ეს მადლობა ვუთხრა მათ კარგი ოჯახიშვილობისთვის მათ მშობლებს, რომლებიც პირველად ესწრებიან მათი შვილების ახალ პროფესულ ცხოვრებას, ბიოგრაფიაში სულ სხვა და საპასუხისმგებლო ფურცლის გადაშლას და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეც, თქვენთან ერთად, არანაკლებ საპასუხისმგებლობა მისია მაკისრია - ვუთხრა თქვენს შვილებს, ჩვენი თაობის და პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომ დაუწერელი კანონი დაწერილ კანონზე მკაცრია. ჩვენ ერთად ბევრს, ახალს და საინტერესოს შევქმნით“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი 2018 წლის ოქტომბერში განახლდა.