1127 მსჯავრდებული საარჩევნო ხმით უზრუნველყოფას მოითხოვს

26 აგვისტო, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულების სისტემაში გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და 1127 ამომრჩეველი მსჯავრდებულისთვის არჩევნებში მონაწილეობის სათანადო უზრუნველყოფას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ადვოკატმა, სოფიო ლეჟავამ განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს, რათა საჯარო გახდეს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მსჯავრდებული ამომრჩევლების სათანადო ინფორმირება საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, უზრუნველყოფილია თუ არა საარჩევნო პროცედურებით გათვალისწინებული სხვა საკითხების მოგვარება და ვინ უზრუნველყოფს ციხეში არჩევნების დაკვირვებას და მონიტორინგს.

კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია, რადგანაც სამინისტროს სისტემაში არჩევნების ჩატარების მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. სასჯელაღსრულების სისტემაში, მათ შორის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები მხოლოდ ფასადური მდგომარეობა იყო. ამიტომაც, საპრეზიდნეტო არჩევნები პოირველი შემთხვევაა, როდესაც მსჯავრდებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მათი სამოქალაქო უფლება თავისუფლების აღკვეთის ადგილას გამოხატონ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, სულ 1 129 მსჯავდებული იმყოფება. ამომრჩეველი მსჯავრდებულებდიან 1127 სრულწლოვანი, ხოლო 2 არასრულწლოვანია. აქედან 1109 სრულწლოვანი მამაკაცი, 18-სრულწლოვანი ქალბატონი და  2 არასრულწლოვანი ვაჟია.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამინისტროს ოთხი კითხვით მიმართა. კერძოდ, რამდენი პირი იმყოფებოდა პატიმრობაში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, რომელ საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდნენ ისინი სასჯელს, როგორი იყო სტატისტიკა, თუ რა ასაკობრივი კატეგორიის პირები იხდიდნენ სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და მათ შორის, რამდენი მამაკაცი და ქალბატონია. სამინისტრომ საჯარო ინფორმაციას 2013 წლის –– აგვისტოს უპასუხა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს,იმ პირებს ვისაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული. მსჯავრდებული ამომრჩევლები ირიცხებიან სპეციალურ სიაში, რომელსაც სამინისტრო ადგენს. იმისათვის, რომ მოხდეს პატიმართა სრული იმფორმირება არჩევენებში მონაწილე კანდიდატების და საარჩევნო პროცედურების საკითხზე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა  ადმინისტრაციებს აკისრიათ ვალდებულება კენჭისყრამდე 8 დღით ადრე, უზრუნველყონ შესაბამისი ადგილების გამოყოფა ბეჭდვითი, სააგიტაციო მასალების, ფაილებისა და ბუკლეტების თვალსაჩინოებისთვის და განსათავსებლად.

 



კომენტარები