შრომის კოდექსი კონკორდატს ეწინააღმდეგება და გადახედვას მოითხოვს

29 აგვისტო, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს და საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოადგინოს კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც აღმოფხვრის ხარვეზსს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასა და მოქმედ შრომის კოდექსს შორის. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოქმედი შრომის კოდექსი ეწინააღმდეგება ეკლესიასთან დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას (კონკორდატი) და სამართლებრივ ხარვეზსს ქმნის. საუბარია უქმი დღეების რეგულირების საკითხზე, რომელსაც შრომის კანონმდებლობა ადგენს და ცდება კონსტიტუციურ შეთანხმებაში მითითებულ იმ ჩამონათვალს, რომელიც შრომის კანონმდებლობას უნდა გაეთვალისწინებინა.  

„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ არსებული კონსტიტუციური შეთანხმებით, მხარეებს მიღწეული აქვთ შეთანხმება, ისეთ საკითხზე, როგორიც არის დასვენების დღეები. კერძოდ კონკორდატით დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დღეები გამოცხადებულია დასვენების დღეებად. კონსტიტუციური შეთანხმებით, დიდ საეკლესიო დღესასწაულებად მიჩნეულია:

  1. წმიდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი);
  2. მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი   (15 თებერვალი);
  3. ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი);
  4. სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი,
  5. აღდგომის კვირადღე (გარდამავალია);
  6. ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია);
  7. საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე (12 მაისი);
  8. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო);
  9. შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი);
  10. მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი);
  11. ტაძრად მიყვანა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი).

ორგანიზაციის შეფასებით, მოქმედი შრომის კოდექსის მე-20-ე მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია უქმე დღეები, დასვენების დღეებად, კონკორდატით გათვალისწინებული დიდი საეკლესიო დღესასწაულებიდან მხოლოდ სააღდგომო დღეები და 12 მაისი - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა აღიარებული.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმება იერარქიულად ორგანულ კანონზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტია,  დღეს არსებული რეალობა კი ცალსახად მიუთითებს, რომ მოქმედი შრომის კოდექსის მე-20-ე მუხლი წინააღმდეგობაში მოდის კონკორდატთან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილობით უკვე მიმართა და შრომის კოდექსის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ორგანიზაციის რეკომენდაცია გულისხმობს, შრომის კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით დადგენილ პირობებთან, აგრეთვე, სხვა წინადადებები ეხება შრომის კანონმდებლობაში ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. 



კომენტარები