"ახალგაზრდა ადვოკატებმა" ქობულეთის თვითმმართველობის გამჭვირვალობაზე კვლევა წარმოადგინა

3 სექტემბერი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის 2012 წლის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის შესახებ კვლევის შედეგები წარმოადგინა. დოკუმენტში ვრცლადაა განხილული 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, განოხრციელებული პროგრამები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯვითი ნაწილი, სატენდერო გარემო, მივლინებები, მიღებული პრემიები, საჯარო მოხელეთა მიმდინარე შრომითი ანაზღაურება, თვითმმართველობის ორგანოს პილიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხი და გაღებული საოფისე ხარჯები. ორგანიზაცია წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი მასალების საფუძველზე, აქვეყნებს დასკვნას და სარეკომენდაციო ნაწილს, რომლითაც მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას განახორციელოს ეფექტური კონტროლი და მუნიციპალურ მთავრობას უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემური საკითხების გონივრულ ვადებში აღმოფხვრა, საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ეფექტური კონტროლის ფუნქციის შესრულება და ამ მიმართულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის შემოწმება 2012 წლის მანძილზე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, განხორციელდეს სრულყოფილი აუდიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2012 წლის მანძილზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ნაწილში, რადგანაც ასეთი აუცილებლობა განპირობებულია იმ ბუნდოვანი მემკვიდრეობით თუ ვითარებით, რომელსაც წინ უსწრებდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ხელისუფლების პირველი პირების დაკავებას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული დარღვევების გამო. ორგანიზაციის პოზიციით, უნდა გაგრძელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი შტოთა საქმიანობის შემოწმება/კონტროლი და საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობას, სატენდერო კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას და განხორციელებული თუ მიმდინარე პროგრამების შესაბამისობას რეალურ საჭიროებებთან და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას მიაქცევს 2012 წლის ბიუჯეტის შედგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის სიმწირეზე. მნიშვნელოვანია, საჯარო გახდეს სფეროს/პრობლემის ბიუჯეტირების საკითხი და ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების გადაწყვეტილებების პროცესში, ჩართული აღმოჩნდეს ადგილობრივი საზოგადოება. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილობრივი მთავრობა მიმართავს პრობლემური საკითხების პროგრამირების პროცესს, თუმცა განხორციელების პროცესში, არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რითაც ფინანსური გამჭვირვალობა მაღალი საზოგადოებრივი ნდობით ისარგებლებდა.

სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის შედგენის პროცესში, პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, ნაკლებად ითვალისწინებს ადგილობრივი ამომრჩევლების ინტერესებს, საჭიროებებს და გამართლებული არ არის, ადგილობრივი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მიმართული იყოს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე და ნაკლები ყურადღება ეთმობოდეს მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას. ამასთან, მონიტორინგის განხორციელების პროცესში, აშკარაა დისკრიმინაციული მიდგომები ქალაქად და სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილების მიმართ. ერთადერთი, „სოფლის დახმარების პროგრამა“, ვერ უზრუნველყოფს სოფლად მაცხოვრებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას. არ არსებობს კონკრეტული მიდგომები, რომელიც სოფლის გაძლიერებისა და წახალისების მაგალითებს უზრუნველყოფდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გზის დაგებისა და მოწესრიგების საკითხები კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, რომლისთვისაც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, 2012 წლის მანძილზე, ყურადღება არ მიუქცევია. მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის მიერ ადმინისტრაციული ხარჯები, ოფისის ხარჯები, მივლინებებსა და პრემიების სახით გაღებული ფინანსები მოითხოვს გადახედვას და არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესს. შრომითი ანაზღაურების ნაწილში ყურადრებას იპყრობს შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაც, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გაზრდილი სახელფასო სარგო. ორგანიზაციის პოზიცაა, შეფასდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ბიუჯეტიდან გაღებული თანხების საჭიროებებთან შესაბამისობა და ამ მიმართულებით, ზოგიერთი პროექტის შესრულების გამჭვირვალობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს, ადგილობრივ მთავრობას არავითარი ქმედითი გადაწყვეტილებისთვის არ მიუმართავს მუნიციპალიტეტში, 2012 წლის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე საკითხის გადაწყვეტისთვის, როდესაც საჯაროდ გახდა ცნობილი მუნიციპალიტეტში, 300–მდე ოჯახის მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, დღის წესრიგში დადგა ოჯახების იპოთეკური დავალიანების გამო, ოჯახების გამოსახლებისა და მათდამი მზრუნველობის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას ამახვილებს ტენდერების საკითხზე და აღნიშნავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოწოდებულ არცერთ დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულ შესყიდვაში მონაწილე კომპანია. აღნიშნული საკითხი ცალკე შესწავლას და დაზუსტებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობის ჯეროვან ინფორმირებას განხორციელებული პროგრამების ხელმისაწვდომობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ. მონიტორინგის პროცესში, ორგანიზაციამ საფუძვლიაანად შეისწავლა თვითმმართველობის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხიც. მოინტორინგის შედეგები ასაბუთებს, რომ ქობულეთის საკრებულომ ადგილობრივი მკვიდრის, თამარ კაიკაციშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეში მხარდამჭერი საკრებულოს წევრი, თემურ ჯინჭარაძე პასუხიმგებლობის მიღმა დატოვა. კვლევაში მოტანილი არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა არ გამოიჩინა კანონისმიერი პასუხისმგებლობა და არ მოახდინა საქმეზე ყოველმხრივი გამოკვლევა, ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადგილობრივ თვითმმართველობას 12 სარეკომენდაციო წინადადებით და საჭიროებად მიჩნეული 15 პროგრამის/პროექტის განხორციელების ინიციატივით მიმართავენ. ცნობისთვის: ორგანიზაციამ კვლევა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო. შესწავლილ იქნა საკრებულოს მიერ 2012 წლის მანძილზე მიღებული 31 დადგენილება და 272 განკარგულება. კვლევის პრეზენტაცია ბათუმში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილი

საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას

საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ეფექტური კონტროლის ფუნქციის შესრულება და ამ მიმართულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის შემოწმება 2012 წლის მანძილზე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, განხორციელდეს სრულყოფილი აუდიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2012 წლის მანძილზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ნაწილში, რადგანაც ასეთი აუცილებლობა განპირობებულია იმ ბუნდოვანი მემკვიდრეობით თუ ვითარებით, რომელსაც წინ უსწრებდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ხელისუფლების პირველი პირების დაკავებას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული დარღვევების გამო. თუკი არსებობს კომპეტენტური ორგანოების კანონიერი ინტერესი და 2013 წლის ივლისში, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დაპატიმრების ღონისძიება, ერთი მოსაზრებით, არ ემსახურებოდა შერჩევით სამართალს, ასეთი მოსაზრების საპირწონედ, სახელმწიფოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორაგნოები მზადყოფნას უნდა გამოთქვამდნენ, რათა გაგრძელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი შტოთა საქმიანობის შემოწმება/კონტროლი და საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობას, სატენდერო კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას და განხორციელებული თუ მიმდინარე პროგრამების შესაბამისობას რეალურ საჭიროებებთან და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებთან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს

  1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული შესყიდვების სახეობების გასაჯაროება და სატენდერო კონკურსში მონაწილე/გამარჯვებული კომპანიების გამოქვეყნება 2013 წლის 1 ოქტომბრამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
  2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმოადგინოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული პროექტების/პროგრამების საჭიროების ექსპერტული დასკვნა და განმარტოს, არჩეული პრიორიტეტების მიზანშეწონილობა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან მიმართებით
  3. 3ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა განმარტონ შტატგარეშე თანამშრომელთა საჭიროება საქმიანობის განხორციელების პროცესში და გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი საქმიანობის ტიპის შესახებ.
  4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა საზოგადოებისთვის საჯარო გახადონ განხორციელებული მივლინებების პერიოდები, მიზნობრიობა, ტიპი და მასში მონაწილე საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობა.
  5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ 2012 წლის მანძილზე ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრების სტატისტიკის გამოქვეყნება და მათი მიმართვიანობის შედეგად, დაკმაყოფილებული საქმეების/საკითხების შინაარსობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოქვეყნება 2013 წლის 1 ოქტომბრამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
  6. ქობულეთის საკრებულომ უზრუნველყოს არსებული საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობის გადახალისება და გაფართოება, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ადგილობრივი საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანები, სამოქალაქო სექტორის ფართო წრე, დარგის სპეციალისტები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. მნიშვნელოვანია, გაფართოვდეს  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტილებებში და ადგილობრივმა მთავრობამ დაიწყოს ფართო დიალოგი მოქალაქეებთან მუნიციპალური პროექტების/პროგრამების განხორციელების განხორციელებისას.
  7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა გადახედონ პრემიებით უზრუნველყოფის საკითხს. პრემიით უზრუნველყოფა კანონით გარანტირებული უფლებაა, თუმცა კანონით ნებადართული უფლების გამოყენება უნდა პასუხობდეს შესრულებული ვალდებულებების იმ ხარისხს, რომელიც გამართლებულს გახდის საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით უზრუნველყოფას და შესაბამისობაში იქნება საზოგადოებრივ ინტერესთან
  8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, გამოთქვამს კრიტიკულ პოზიციაც და მიაჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ ნდობის ხარისხი განპირობებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების არაეფექტური მუშაობით. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს „ადგილობრივ საჯარო საქმეებში მოქალაქეთა მონაწილეობის თაობაზე“ ევროსაბჭოს 2001 წლის 6 დეკემბრის ადგილობრივი მთავრობებისათვის მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე და აუცილებლად მიიჩნევს, თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა უზრუნველყონ მაღალი კომუნიკაციის ხარისხი მოქალაქეებთან, მედიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, არასამთავრობო სექტორთან და შექმნან საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია.
  9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებმა იზრუნონ საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიული კურსების მიმართულებით სპეცილური პროგრამის ამოქმედებისათვის. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობის მიზანშეწონილობის საკითხზეც და თვითმმართველობას მიმართავს, უპირატესობა მიანიჭოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამშრომელთა მიღებას ღია კონკურსების საფუძველზე. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი უპიარტესობა არ ანიჭებს ღია კონკურსების გზით თანამშრომელთა მიღების შესაძლებლობას.
  10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მმართველობითმა ორგანოებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაიზიაროს მაჟორიტარი დეპუტატის ცალკეული ხედვები, რომლებიც დაკავშირებული იქნება პროგრამული სფეროების მდგრადობასთან და მუნიციპალური პოლიტიკის განხორციელების პროცესში, შექმნის თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას.
  11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანომ საჯარო და ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, განუხრელად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უარი თქვან მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც არსებობდა 2004–2012 წლის ცენტრალიზებული მმართველობის პერიოდისთვის.
  12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაიწყოს ადგილობრივ საზოგადოებასთან სტრუქტურული დიალოგი თვითმმართველი ქალაქის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების, მიზნობრივი პროგრამებისა და საჭიროებების ობიექტურად შეფასებისა და ფორმულირების გზით. ამ მიმართულებით, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის ბიუჯეტი უნდა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი და ფართო დიალოგის ფარგლებში, საზოგადოებრივმა წრეებმა მიიღოს გადაწყვეტილებები შემდეგ მნიშვნელოვან წინადადებებზე:
  • მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის გაძლიერებისა და წახალისების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი ინტეგრირების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილნაცვალი პირების პირობების გაუმჯობესების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • იპოთეკური დავალიანების მქონე მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის სპეციალური პროგრამის შექმნის საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ერთჯერადი საზაფხულო დასაქმების პროგრამის ამოქმედების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერებისა და მოტივირების სპეციალური პროგრამის ამოქმედების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება და სახელობითი სტიპენდიების დაწესება წარმატებული ქობულეთელი პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისათვის
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკის სპეციალური პროგრამის ამოქმედების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება და წამყვანი ქართული სამედიცინო კლინიკის სპეციალისტების მოწვევა
  • სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და მუნიციპალური ტრანსოპრტის პარკინგის განახლების საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება.
  • მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის გაზიფიკაციის საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება
  • მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების განვითარებისა და ტურისტული მიმზიდველობის შესახებ სპეციალური პროგრამის ამოქმედების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება.
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რელიგიური ნაგეობებობის რესტავრაციისა და ხელშეწყობის სპეციალური პროგრამის ამოქმედების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებისა და ნაგებობების რეაბილიტაციის საკითხის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება



კომენტარები