ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ ადმინისტრაციული მმართველობის გამჭვირვალობის შესახებ კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ორგანიზაცია მომზადებულ კვლევას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაუგზვანის და იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრი სათანადო ყუარდღებას დაუთმობს კვლევაში დასახელებულ ფაქტებსა და გადაცდომებს. ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მყისიერად უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ პროფესიულ სასწავლებელში არსებული ვითარების შესწავლას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც სასწავლებლის განვითარებისთვის და დემოკრატიული მმართელობისათვის იქნება მისაღები. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია სარეკომენდაციო ნაწილსაც აქვეყნებს.
განხორციელებულმა მონიტორინგმა პროფესიული საქმიანობაში ნეპოტიზმის ფაქტები და მიღებული უკანონო გადაწყვეყოლებები აღმოაჩინა. კოლეჯის მიმართ დათმობილი ინტერესი განაპირობა სასწავლებელში ავტონომიურობის ხარისხის, გადაწყვეტილებების კანონიერებისა და გამჭვირვალე/დემოკრატიული მმართველობის არსებობის დადგენამ, რასაც წინ უძღოდა მაღალი საზოგადოებრივი/მედია ინტერესი სასწავლებელში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, ადგილი აქვს სისტემურ და სამართლებრივ პრობლემებს, რომელიც არ პასუხობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად მოთხოვნებს და ღირებულებებს, დემოკრატიულ და საჯარო მმართელობის პრინციპებზე, მთლიანად უგულვებელყოფილია ადამიანური რესურსების მმართვის სამართლიანი მოდელი, მოშლილია სასწავლებლის შიდა დემოკრატია და დეცენტრალიზაცია, ეფექტიანი მმართველობა კი ჩანაცვლებულია კოლეჯის ადმინისტრაციულ თანამდებობებსა და სხვადასხვა სფეროს თანამშრომლების კონკურსების გარეშე დანიშვნასთან, გამოვლენილია ადამიანების დაწინაურება მათთან ოჯახური, ნათესაური, მეზობლური და ახლო ურთიერთობების გაზიარებით, რაც სცილდება განათლების რეფორმის გამჭვირვალობის პრინციპებს და სამართლიანობის სტანდარტებს, საქართველოს დაახლოებას „კოპენჰაგენის დეკლარაციასთან“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტის „პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – პროფესიული სტანდარტების“ დებულებებს, რომელიც ადგენს ავტონომიურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის მაღალ სტანდარტებს პროფესიული სასწავლებლებისთვის და პროფესიული განათლების განვითარებისთვის საქართველოში.
ორგანიზაციამ საფუძვლიანად შეისწავლა სასწავლებლის ადმინისტრაციული მმართველობის სტილი და შემადგენლობა. კვლევამ ცხადყო, რომ კოლეჯის დირექტორის ბრძანებით, სასწავლებლის 70–წევრიანი შემადგენლობიდან, 45–ზე მეტი თანამშრომელი ოჯახის წევრი ან/და ნათესავია. კვლევის თანახმად, 2012 წლის 6 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა პირდაპირ შეასრულა განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის დავალება და თანამდებობიდან მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი გაათავისუფლა. ორგანიზაციამ მონიტორინგით შეისწავლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები თამარ კაიკაციშვილის სარჩელზე სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ სცნო დირექტორის ბრძანება მოადგილის გათავისუფლების გამო, ხოლო საქმეს ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლო განხილავს.
ორგანიზაციამ კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკვე გადაუგზავნა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალი მინისტრისგან გამოვლენილ დარღვევებზე ჯეროვან გადაწყვეტილებებსა და შესაბამის რეაგირებას მოელიან და თვლიან, რომ სამინისტროში დაწყებული პოზიტიური ცვლილებები, პროფესიულ სასწავლებლებში რეალური რეფორმისა და ცვლილებების საფუძველიც გახდება.