„ახალგაზრდა ადვოკატები“ პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ

10 სექტემბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრს დღეისათვის აქტუალური შეკითხვები დაუსვეს. დიალოგის მთავარი თემები იყო საქართველოს რეინტეგრაციის საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები, დეოკუპაცია, აფხაზი, ოსი და ქართველი ეროვნების წარმომადგენლების დაახლოებისთვის სახელმწიფო პოლიტიკა, მთავრობის მიერ დაგეგმილი ინიციატივები და სამომავლო ღონისძიებები კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო პროცესისათვის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების და საკითხების განხილვა, ქართულ-რუსული ურთიერთობები და სამშვიდობო მისიები, სხვა. ორგანიზაციამ ყველა კითხვაზე მინისტრისგან ამომწურავი პასუხი მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ რეინტეგრაციის მინისტრს სოფელ დიცში არსებული ვითარება გააცნეს. ორგანიზაცია კონფილიქტის ზონაში 8 აგვისტოს იმყოფებოდა და ადგილობრივი მოსახლეობის არსებულ პრობლემებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რეინტეგრაციის მინისტრთან, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული პირველი შეხვედრა იყო. პროექტის მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან, მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციას სექტემბერში კიდევ ორი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ენერგეტიკის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

ორგანიზაციის შეფასებით, ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან იქნება პირველი შემთხვევა, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახლგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატრების“ პროექტი მუდმივმოქმედი ფორმატი იქნება და ყოველთვიურად, სამი შეხვედრა მომზადდება. ინიციატივის ფორმატი ქართული სინამდვილისთვის ახალია, რომელსაც ანალოგი, მხოლოდ უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გააჩნია. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიიღეს საჭირო კონსულტაცია აღნიშნული ქვეყნების ეროვნული ჯგუფებისგანაც და დაგეგმილია მათთან კომუნიკაციით, გამოცდილების კიდევ უფრო მეტად გათვალისიწინება. 



კომენტარები