არასამთავრობოები თეა წულუკიანს ლენტეხში ჩასვლას სთხოვენ

15 სექტემბერი, 2013

ორგანიზაციები: "უფლებადამცველთა გაერთიანება", "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–აფბა", „ახალგაზრდა ადვოკატები“, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი", "საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი" და "ეკოტეკი" მოითხოვენ სიცხადე შევიდეს ლენტეხის საკრებულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში და რეაგირებისთვის იუსტიციის მინისტრს მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა თემატური ჯგუფი, რომლებმაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილზე ჩასვლით გაეცნენ ლენტეხის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს, აუცილებლად მიიჩნევენ საკითხით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინტერესდეს. ორგანიზაციათა თემატური ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მინისტრი ლენტეხში ჩავიდეს და პრობლემას ადგილობრივებთან დიალოგში გაეცნოს, რადგანაც არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მასალები ცხადყოფს, რომ გამგებლის გათავისუფლება, დიდი ალბათობით, კანონდარღვევით განხორციელდა, ხოლო აღნიშნული ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, იმპიჩმენტის და მსგავსი პროცესების განხორციელება აკრძალულია. 



კომენტარები