დღეს დემოკრატიული კრიზისის ნაცვლად, პარტიული დემოკრატიის კრიზისია, ხალხს აქვს პარტიების მიუღებლობა

29 ნოემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატები“, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების, ქუჩაში განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ინიციატივის განხილვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ დიალოგის მიღწევა, ფართო ჯგუფების ჩართულობით, საარჩევნო საკითხებზე ფართო დისკუსიის წარმართვა და პატივისცემა დემოკრატილი პრინციპების მიმართ, გააზრება ქვეყნის გამოწვევების გამო და მეტი პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორებისა და ინსტიტუციების მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს, ცალსახად არ პასუხობს საზოგადოების საჯარო ინტერესებს, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ამცირებს ნდობას ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. მიღებული გადაწყვეტილება, იმავდროულად, არ შეიძლება დარჩეს მხოლოდ კანონშემოქმედებითი პროცესის შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ორგანიზაცია, ასეთ შემთხვევაში, ეთანხმება მოსაზრებას, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამთავრობო პარტიის რისკს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევა, მეტწილად დამოკიდებული იქნება მოქალაქეების არჩევანზე (განწყობაზე). შესაბამისად, მმართველი პოლიტიკური პარტიის არაპოპულარულ გადაწყვეტილებას შეაფასებს ამომრჩეველი, რომლისთვისაც, შესაძლოა, პრინციპულად მიუღებელია დაპირების შეცვლა და მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობად. ამასთან, არ შეიძლება ცალსახად დაიკარგოს მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ქვეყნის საარჩევნო მოდელს, სწორედ პროპორციული წესით, 2024 წლიდან განსაზღვრავს. შესაბამისად, ორგანიზაცია პოლიტიკური სპეკულაციის შემადგენელ ნაწილად განიხილავს ისეთ განცხადებებს, რომელიც დაკავშირებულია „არჩევანის მოპარვასთან“ ან მის „არალეგიტიმურობასთან“, ვინაიდან, პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება არასახარბიელოა, მაგრამ არ ნიშნავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხალხის მონაწილეობის გარეშე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ განვითარების მოცემულ ეტაპზე, საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემა არა შერეული საარჩევნო სისტემის ან მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში დემოკრატიის განხორციელების შეუძლებლობაა, არამედ ანტიპარტიული განწყობები. დემოკრატია წარმოუდგენელია პარტიების გარეშე, თუმცა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოების დარწმუნებას და ნდობას, რასაც განსაზღრავს რამდენიმე მიზეზი: ა) ხელისუფლებაში მოსვლა ძალისმიერი შესაძლებლობებით, ბ) საარჩევნო დემაგოგია, გ) სამართლებრივი პრინციპების უგულვებელყოფა, დ) შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა თუ ე) იდეოლოგიური შეხედულებები. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდგომ, ქუჩაში განვითარებული მოვლენებიც, არ ტოვებს საზოგადოების ფართო ინტერესების გამოხატულების შესაძლებლობას, სრულიად მიუღებელია მშვიდობიანი პროტესტის რადიკალიზაცია, კანონსაწინააღმდეგო შტურმი ან პიკეტირება ადმინისტრაციული, საჯარო თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ოფისების, რაც საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას აცლის პროტესტის მიზნებს და მთლიანობაში, არ პასუხობს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს, რაც პარტიების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ამასთან, სახელმწიფოს და ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის მიმართაც, არსებობს გარკვეული გადაცდომის ნიშნები. შექმნილ ვითარებაში, პარტიებმა საზოგადოებას უნდა შესთავაზონ კონკრეტული გეგმა და მიმართულებები, თუ როგორ ესახებათ ამომრჩევლის დარწმუნება 2020 წლის არჩევნებში მხარდაჭერის მიღებისთვის. „ორპარტიული დემოკრატიის“ პირობებში, საჭიროა, პარტიებმა უარი თქვან კარჩაკეტილობზე, მათ რიგებში გამოჩდნენ ახალი სახეები, შეიქმნას რეალური კონკურენცია. განსხვავებულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მუდმივად მოიგებს ყველა დონის არჩევნებს, რაც პოლიტიკურ პროცესში მყოფი მოთამაშისთვის უჩვეულო მდგომარეობა არ არის. ამდენად, ქვეყანაში დემოკრატიული კრიზისის ნაცვლად, პარტიული კრიზისია, რაც სათანადო დასკვნების გარეშე არ შეიძლება დარჩეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი დისკუსია და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, თუ რას გულისხმობს არამხოლოდ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფორმად სახელდება (რაც, აშკარად არ პასუხობს კონსტიტუციით დადგენილ პარლამენტის დაკომპლექტების წესთან), არამედ თავად პროპორციული საარჩევნო სისტემაც. ფაქტია, პროპორციული საარჩევნო სისტემა სრულად პასუხობს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მოცემულობას, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებშიც რჩება შანსი შეიქმნას ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა (სახეები), თუმცა მთავარი ხალხის პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველყოფაა. კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა უნდა ასახოს ხალხის ნამდვილი ნება, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, კონკურენტულ და არაძალადობრივ გარემოში.



კომენტარები