„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროინტეგრაციის მინისტრს შეხვდნენ

23 სექტემბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს შეხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მინისტრს დღეისათვის აქტუალური შეკითხვები დაუსვეს. დიალოგის მთავარი თემები გახლდათ: აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის შეჯამება; ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საკითხი; ევროკავშირის სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელობა; საქართველოსთან მიმართებით პრორუსული და ევროპული პოლიტიკის შეჯერება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს მიმართ პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის შესაბამისობა საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან, ევროკავშირსა და ნატო – საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ახალი ხელისუფლების პირობებში გაწეული საქმიანობის შესახებ, ევროპულ ქვეყნებში ელჩების დანიშვნის საკითხი; საქართველოს კანონდმებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი; ევრაზიის კავშირის შესაძლებლობები, საქართველოს ახალი ხელისუფლების რეგიონალური პოლიტიკის შეფასება, საქართველოს ახალი ხელისუფლების ევროპული კურსის გამოძახილი/შეფასება საერთაშორისო საზოგადოებაში/სამთავრობო წრეებში.

პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მესამე შეხვედრა იყო. პროექტი აგვისტოდან დაიწყო და მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან, მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია უკვე შეხვდა საქართველოს კუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. ორგანიზაციას სექტემბერში კიდევ ორი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან პირველი შემთხვევაა, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახლგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატრების“ პროექტი მუდმივმოქმედი ფორმატი იქნება და ყოველთვიურად, რამდენიმე შეხვედრა მომზადდება. ინიციატივის ფორმატი ქართული სინამდვილისთვის ახალია, რომელსაც ანალოგი, მხოლოდ უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გააჩნია. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიიღეს საჭირო კონსულტაცია აღნიშნული ქვეყნების ეროვნული ჯგუფებისგანაც და დაგეგმილია მათთან კომუნიკაციით, გამოცდილების კიდევ უფრო მეტად გათვალისიწინება.

 



კომენტარები