თბილისის მერია „ლიფტების საქმესთან“, საეჭვო კორუფციულ გარიგებებშია

24 სექტემბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით თბილისის მოსახლეობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც მაღალსართულიან ბინებში ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების ბიზნესს უკავშირდება. ორგანიზაცია სამართლიანს უწოდებს მოსახლეობის პროტესტს, რა დროსაც, თბილისის მთავრობა ავარიული და ტექნიკურად გაუმართავი ლიფტების შეკეთებისთვის/ექსპლუატაციისთვის უყურადღებობას იჩენს, მეორე მხრივ კი სფეროზე პასუხისმგებელ კერძო კომპანიებთან საეჭვო კორუფციულ გარიგებებში იმყოფება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის იურისტმა, სოფიო ლეჟავამ განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, კომპანიები, რომლეთა ვალდებულებაცაა მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართული მუშაობა უზრუნველყოს, ფატქობრივად, უმოქმედონი არიან. კერძოდ, ასეთია შესწავლილი საკითხების ჩამონათვალი:

  • აღნიშნული კომპანიები, პრაქტიკულად უმოქმედო ლიფტებით ხალხს ძარცვავენ, რადგან მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ე.წ. „ჩაყლაპულ“ 5 და 10 თეთრებზე;
  • ლიფტით სარგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ერთ მოქალაქეს, 20-30 თეთრი უჯდება, რაც 2-3 სულიანი ოჯახისათვის, თვეში 25-30 ლარს შეადგენს;
  • ხშირია მგზავრობის დროს, ლიფტების ავარიული გაჩერება, სამაშველო სამსახურის გამოძახება. ავარიულ მდგომარეობაში არსებული ლიფტები, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქცია არ ეკისრება;
  • არ ხდება ლიფტების გამართულ მუშაობაზე პასუხისმეგბელ კომპანიებზე ნებართვების ან ლიცენზიების გაცემა, რითაც თბილისის მერია სრულ ლოიალობას გამოხატავს პრობლემის მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართულობაზე პასუხისმგებელი კომპანიები თბილისის მერიასთან დაახლოებული ჯგუფების ხელშია და „ლიფტების საქმიდან“ შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა და ხარჯვითი ნაწილი, კორუფციულ ნიშნებს ატარებს. ორგანიზაცია, მოსახლეობის აზრის გათვალსიწინებითაც, საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანიები დღემდე მოქმდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების ინტერესებით და ახალი ხელისუფლების პირობებში მწვავედ დასმული ეს საყოფაცხოვრებო პრობლემა, ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაგეგმილი ქმედება იყოს.

კომპანიები აგრძელებენ ხალხის ძართვას და შესაძლოა, ლიფტებიდან მიღებულ შემოსავალს პოლიტიკურ ინტერესებსაც ახმარდნენ. ამასთან, არ გამოვრიცხავთ ადგილი ქონდეს კომპანიების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებასაც, რადგან არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, თუ რა შემოსავლებს ფლობს ეს კომპანიები. მოშლილია იმის კონტროლიც, თუ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენჯერ ივსება ლიფტის ყულაბები, რამდენია მისი შემოსავალი და ხდება თუ არა ამ შემოსავლების შესაბამისად, კომპანიების მხრიდან ბიუჯეტში გადასახადების გადახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ თბილსიის მერიას და მოვითხოვთ:

  • შემოღებულ იქნას ნებართვები ან ლიცენზიები ამ კომპანიებისთვის;
  • კომპანიებს მოეთხოვოთ „ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა“, რაც შეამცირებს ფატალური შედეგების ალბათობას.

ორგანიზაცია, აგრეთვე გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას და დაადგენს, თუ რა საექსპლოატაციო ხარჯებთან არის დაკავშირებული არსებული მდგომარეობით ლიფტების მუშაობა, რა შემოსავლები მიმღებია მოქმედი კომპანიები ბაზარზე და რა მოგების მარჟაზე შესაძლებელია იყოს საუბარი. 



კომენტარები