რეგიონებში მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაპირობასთან კავშირი არ აქვს

15 მარტი, 2020

რეგიონებში მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაპირობასთან კავშირი არ აქვს და აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების თვითორგანიზების გამოხატულებას, სამოქალაქო უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა იქნეს გაგებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედების და რეგულირებული სფეროდან გამომდინარე მოცემულობად - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში, აგრეთვე რუსთავის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით შეიქმნა მოხალისეობრივი ჯგუფები, რამაც საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინო ქვეყანაში მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობასთან და მზადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ასეთ დროს სრული დატვირთვით მოქმედებს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის პროცესში მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნის, მოქმედების, მუშაობისა და ამოცანების ერთობლიობას. ერთი შეხედვით, მერიის ინიციატივის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა უსაფრთხოების შენარჩუნება, თუმცა თავად ტერმინი ,,მოქალაქეთა უსაფრთხოება’’ არ უნდა განიმარტოს  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ კანონში მოცემულ მოცემული ნორმატიული შინაარსით. რადგან, კანონის თანახმად, იგი პირდაპირ, მჭიდრო კავშირშია საგანგებო სიტუაციასთან, რაც რეალურად არც არსებობს და არც არის გამოცხადებული.

ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის თანახმად, მოხალისეთა საქმიანობა რეგულირდება როგორც  კანონებით, აგრეთვე კანონქვემდებარე აქტით. აგრეთვე, მოქმედებს კანონი „მოხალისეობის შესახებ“, რომლის მოქმედება, მართალია, არ ვრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცა პასუხს სცემს საკითხს, თუ რა არის მოხალისეობა. სწორედ ამ კანონითაა დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რასაც ამჟამად აქვს ადგილი და ეწოდება მოხალისეობრივი საქმიანობა.

ცნობისთვის: 14 მარტს, რუსთავში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ორი სახის ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში.



კომენტარები