ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმის კვალდაკვალ, საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების გარკვეული სეგმენტის მიმართ დაწესებული საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების და შეზღუდვების მხედველობაში მიღებით, საკითხზე: გვაქვს თუ არა სამართლებრივი ფორს-მაჟორი, სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მისი გამოწვევებისა და შედეგების გათვალისწინებით, ფორს-მაჟორი არ არსებობს, რომლის არსებობისთვის, საჭიროა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული აქტი ფორს-მაჟორის თაობაზე. პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის არარსებობა, საკითხის მიმართ ეროვნული დონის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები, ფორს-მაჟორული გარემოებების შეფასება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა ნების საფუძველზე, რაც, სამართლებრივი დავის პირობებში, დადასტურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ამყოფებს მომჩივან მხარეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასება:
- ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში დღის წესრიგში დგება ფორს-მაჟორის სამართლებრივი რეჟიმის ამოქმედების საკითხი. საბანკო სექტორის მხრიდან აქტიურად ხორციელდება კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს სესხების გადახდა გარკვეული ვადით გადაუვადდათ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ითვლება ხელშეკრულების დარღვევად. იმისათის, რომ დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცეს, უნდა განიმარტოს ტერმინ „ფორს-მაჟორის“ სამართლებრივი მნიშვნელობა.
ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა (ემბარგო) და სხვა.
აღიშნული ინსტიტუტი, ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც გარემო პირობებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკურლბით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ მისი მოქმდების პირობებში, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება არ უნდა შესრულდეს.
ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა. ფორს-მაჟორის ცნების განსაზღვრა, მთლიანად მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი.
კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია ფარდობითობა, რაც ფორს-მაჟორს ახასიათებს. ერთი და იგივე გარემოება, ერთ შემთხვევაში, შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში - ჩვეულებრივ მოვლენად იქნეს განხილული.
პრობლემატურია, აგრეთვე, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმები. ფორს-მაჟორი, იმ სამართლებრივ ინსტიტუტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ზუსტი და ამავდროულად მოქნილი უნდა იყოს, რათა კონტრაჰენტებმა სასურველისგან საპირისპირო შედეგები არ მიიღონ. არა მარტო ფორს-მაჟორის დათქმის ხელშეკრულებაში ასახვისგან თავის შეკავება, არამედ დებულების არასწორი ფორმულირებაც მხარეებს ხშირად აყენებს პრობლემების წინაშე.
ყოველი შეუქცევადი გარემოება არ შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, მას ახასიათებს თავისი წინაპირობები, რაც აუცილებელია გარემოების ფორს-მაჟორად განხილვისთვის და მხარის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად: ა) გარე ფაქტორი - შემთხვევა ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა უნდა იყოს, ბ) არაპროგნოზირებადობა - შემთხვევა არ უნდა იყოს განჭვრეტადი/პროგნოზირებადი/მოსალოდნელი და გ) გადაულახავი - შემთხვევა არის გარდაუვალი.
პასუხი კითხვაზე: „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, არის თუ არა ფორს-მაჟორი?,“ სამართლებრივი კუთხით პასუხი - უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ „COVID-19“-ის გავრცელება, შესაძლოა, მხარეთა კონტროლს მიღმა არსებობდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის არ წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას და ამავე დროს, შესაძლებელია იყო მისი პროგნოზირებაც.
მნიშვნელოვნაი გარემოებაა ისიც, რომ მოვლენა ხელს უნდა უშლიდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულებას. როგორც გაირკვა, ბანკების მიდგომა ვრცელდება ყველა კონტრაჰენტზე და მნიშვნელობა არ აქვს, მათი მხრიდან შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების შესრულება. მსგავსი მიდომა უცნობია ფორს-მაჟორის ინსტიტუტისთვის.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია უშუალოდ ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობები, რომელიც ნაკლებად საეჭვოა მსგავს მდგომარეობას დაუძლეველ ძალად აკვალიფიცირებდეს. მითუმეტეს იმ ვითარებში, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც კი არაა გამოცხადებული.
გამომდინარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბანკების მსგავსი მიდგომა წარმოადგენს მთავრობისა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით მიღწეულ შედეგს, რაც, სამართლებრივი არსით, სამწუხაროდ, არანაირ კავშირში არ იმყოფება დაუძლეველ ძალასთან.
ამასთან, გვსურს საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს შემდეგს: ფორს-მაჟორული მდგომარეობის შექმნა, აპრიორი არ გულისხმობს პასუხისმგებლობის გამორიცხვას. აუცილებელია მისი დადასტურება სათანადო ორგანოს საშუალებით.
საქართველოში მოქმედი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ 2012 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირების ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ახდენს ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებას.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნა მხედველობაშია მისაღები, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, საქმეზე: №ას-418-391-2010 მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ავტომობილები დააზიანა დაუძლეველმა ძალამ და აღნიშნული დაუძლეველი ძალის არსებობის დასადგენად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწლო პალატის ცნობა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებულ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს.
სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამოწმებს ფორს-მაჟორის არსებობას, ანუ იმ გარემოებას, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, ხოლო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის“.
საზოგადოებისთვის საყურადღებოა ფორს-მაჟორთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ფორს-მაჟორულმა დათქმებმა შეიძინა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს არათანმიმდევრული პრაქტიკის წარმოშობა. მთელ რიგ შემთხვევებში, თუ საქმე ეხებოდა ვალდებულების შესრულებას 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდებში, ეს გარემოება პირდაპირ მიიჩნეოდა ფორს-მაჟორად და სასამართლოს მიერ არ მოწმდებოდა გადაულახავობის კრიტერიუმი, თუმცა, არსებობს ისეთი გადაწყვეტილებებიც, სადაც სასამართლომ სწორად განმარტა საკითხი.მაგ:
ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმეზე #2ბ/4450-10. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია საომარი მდგომარეობა გამოცხადებული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე მოქმედება (ფულის გადახდა) უნდა განხორციელებულიყო.
ბ) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-153-143-2015 განმარტა, რომ აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილი შედეგები ფორს-მაჟორის არსში, რა თქმა უნდა, თავსდებოდა, თუმცა არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი აგვისტოს ომის მოვლენასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარის აპელირება უფრო სუბიექტურ ფაქტორებს ეყრდნობოდა, ვიდრე ფორს-მაჟორის რეალურ გარემოებას.
შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ფორს-მაჟორის ხელშეკრულებაში გაწერის ზუსტ ფორმულირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეთათვის ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ფორს-მაჟორული დათქმის არარსებობა, არამედ ბუნდოვანი და არაზუსტი ჩანაწერიც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში არსებული ფორს-მაჟორული დათქმა უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ ზუსტ და მოქნილ ჩანაწერს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, შეუტყობინებლობის ან დაგვიანებული შეტყობინების შედეგები, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მისი თანმდევი იურიდიული შედეგი.
სასამართლო „ბრმად“ არ უნდა დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების ფაქტსა და თუნდაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნის არსებობას. სასამართლომ თითოეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების გართულებასა და ფორს-მაჟორულ გარემოებას შორის. ასევე ფორს-მაჟორის ამოქმედების ისეთი აუცილებელი იურიდიული წინაპირობები, როგორიცაა გადაულახავობა და მხარის კონტროლს მიღმა არსებობა, რის საფუძველზეც შეძლებს საფუძვლიან მსჯელობას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხვედრაში იქნება კერძო სამართლის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ფორს-მაჟორია.