„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტს კიდევ ერთხელ ვეხმაურებით. ორგანიზაცია, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიუთითებს, რომ 16–22 სექტემბრის შუალედში, 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი კვლავ დაფიქსირდა, კერძოდ 31–ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე–11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში. ბოლო პერიოდში, ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები გამოუსწორებელია და შეცვლილი მენეჯმენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ლოჯისტიკის სფეროში არსებული საკითხების შესაბამის გადაწყვეტას და ხარვეზების აღმოფხვრას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე, მინისტრს, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. მართალია, კომპანია „ქართული კვების“ მენეჯმენტი შეიცვალა, რომელიც თავდაცვის სფეროში კვებითი უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ–ერთი მთავარი კონტრაქტორია, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების საკვები პროდუქტებით მოწამვლის ფაქტი კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება. ორგანიზაცია სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ ისევ მოუწოდებს და მიმართავს, დააყენოს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობა და თითოეული გამოვლენილი შემთხვევის მიმართ, ჰქონდეს მკაცრი რეაგირება, ვინაიდან საზოგადოებისთვის უცნობია, რომელი კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას უწყებაში ლოჯისტიკის სფეროს ეფექტურ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე, როდემდე უნდა გრძელდებოდეს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები და არ ხდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების პასუხიმგებლობის საკითხის დასმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, უკვე მერამდენედ ვეხმაურებით თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროში არსებულ ვითარებას. ორგანიზაცია სრულად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საკითხზე მსჯელობას და დასაბუთებას ახლავს. 2013 წლის 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია საკვები პროდუქტებით მოწამვლის გაუხმაურებელი შემთხვევის შესახებ, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზაზე მოხდა. მაშინ მოიწამლა 52 ჯარისკაცი და ფაქტი 25 ივლისს მოხდა. განცხადებას სამინისტროს ზოგიერთმა უფლებამოსილმა პირმა დაუსაბუთებელი უწოდა, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ, თავისი წერილით, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტი დაადასტურა და 2013 წლის 23 აგვისტოს წერილით ცნობილი გახდა, რომ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, მოცემულ შემთხვევაშიც უტყუარს უწოდებს 320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს 31–ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე–11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში. შესაბამისად, ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, რომ სამინისტრო ფაქტის მიჩქმალვას არ შეეცდება.