ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შედეგად დადგენილი წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სასამართლოსთვის მიმართვით სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ. ამჟამად, კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები, შეჩერებულია და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა - აღნიშნულის შესახებ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აკეთებს.
ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლოსთვის მიმართვა ყველას ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში კი, შემოწმდება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობა და სასამართლო უფლებამოსილია, თითოეულ სამართალდარღვევის შემთხვევა დეტალურად გამოიკვლიოს, რათა შემოწმდეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერებისა და გამოცემის მართლზომიერების საკითხი.
როგორც ცნობილია, 2020 წლის 21 მარტს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. დეკრეტის საფუძველზე, 2020 წლის 23 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის #181 დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან/და კუმულაციურ სანქციას.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.კერძოდ, მიმოსვლის, შეკრებისა და მანიფესტაციის, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის კონსტიტუციურ უფლებებზე. შესაბამისად განისაზღვრა აღნიშნული დადგენილების დარღვევისთვის პასუხიმგებლობის ზომებიც. დადგენილი რეგულაციისგან განსხვავებული მოქმედების ჩადენა განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მასზე ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესები. რადგანაც საგანგებო რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, შესაბამისი პირის/ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადები. კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება, რაც არაერთ შემთხვევას ითვლის, შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, თუმცა გასაჩივრების ვადებთან მიმართებით, განსხვავებული რეგულირება დადგინდა საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებამ. კერძოდ, ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. მართალია, მოცემული ნორმა არ ადგენს, თუ საჩივრის წარდგენის ვადა, რა დრომდე ჩერდება, თუმცა ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ივარაუდება, რომ ნებისმიერი დროებითი რეგულაცია დამოკიდებულია მისი მოქმედების ვადაზე. შესაბამისად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც დაჯარიმდნენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, შესაძლებლობა ექნებათ მიღებული დადგენილებები გაასაჩივრონ 22 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, თუ არ იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე.
აუცილებელია მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოს აღნიშნული დადგენილებების გასაჩივრების წესზეც. სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, დადგენილება, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია, აგრეთვე რაიონის (ქალაქის) სასამართლოშიც. ადმინისტრაციული სამართალდარღევის საქმეებზე საბოლოო ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, რომლის დადგენილებაც არ საჩივრდება და დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში.
ცნობისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 4 აპრილის სტატისტიკური მონაცემით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა.