ეროვნული ბანკის კლასტერი, შესაძლოა, მასშტაბური სამსახურეობრივი დაუდევრობის შედეგი აღმოჩნდეს

13 აპრილი, 2020

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისას განსაკუთრებით საყურადღებოა ადმინისტრაციულ უწყებებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და ინფექციის გავრცელების ფაქტები. საყურადღებოა, რამდენადაც დღესდღობით არაონლაინ რეჟიმში მხოლოდ ის აუცილებელი ადმინისტრაციული ერთეულები მუშაობს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელი სერვისების  შეუფერხებელ მიწოდებაზე არიან პასუხისმგებელნი.

შესაბამისად, როცა მსგავს უწყებებში მაინც ვრცელდება ინფექცია, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს, რათა საბოლოოდ გაკეთდეს სწორი დასკვნები და გაანალიზდეს, თუ ინფექციის გავრცელების რა განმაპირობებელი მიზეზები არსებობდა და სათანადოდ დაიცვა თუ არა დადგენილი რეგულაციები და მიიღო თუ არა ყველა საკმარისი ზომა ხელმძღვანელმა პირმა.

როგორც აღმოჩნდა, დღეს ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გეოგრაფიულად განშტოებული (თბილისი, რუსთავი, ლენტეხი) კლასტერი ეროვნული ბანკის კლასტერია, და ეს ფაქტი, შესაძლოა, მასშტაბური სამსახურეობრივი დაუდევრობის შედეგიც აღმოჩნდეს, რაზეც პასუხიმგებლობა სებ-ის საქმიანობაზე პასუხისმგებელ უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკისრებათ, მათ შორის სებ-ის პრეზიდენტს, თუკი დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა არათანმიმდევრულ ღონისძიებებსა და შეუსაბამო რეაგირების ხარისხს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი ადმინისტრაციული ორგანოა, სადაც Covid 19-ით თანამშრომლების ჯგუფურად დაინფიცირების ფაქტი მოხდა. ამ დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ როგორ და როდის გამოიხატა ინსტიტუციის პასუხისმგებლობა.

სებ-მა აღნიშნულის შესახებ პირველი განცხადება 2 აპრილს გააკეთა, და აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ მისი ერთ-ერთი თანმშრომლისთვის  Covid 19-ის სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, მასთან შემხებლობაში მყოფი 7 თანამშრომელი იზოლაციაში გადაიყვანა. შემდგომში, სამწუხაროდ, მათაც დაუდასტურდათ Covid 19-ით ინფიცირება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ კლასტერთან შემხებლობაში აღმოჩნდა პირი, რომელმაც ვირუსი ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეიტანა, რის გამოც რაიონის ჩაკეტვა გახდა საჭირო.

საინტერესოა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, სებ-ის თანამშრომლების დაინფიცირება მოხდა მათი კოლექტიურ თვითიზოლაციაში (ანუ, როდესაც ერთი ბრიგადა კარანტინთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებშია, რათა შემდგომში ჩაანაცვლოს მომუშავე ბრიგადა) ყოფნის დროს, ვირუსის გარედან შეტანის გზით.

შესაბამისად, კითხვები მაინც რჩება. კერძოდ, რამდენად მოახდინა სებ-მა საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა დადგენილი პროტოკოლებისა და წესების დაცვით; როგორ აღმოჩნდა გარეშე პირი კოლექტიურ იზოლაციაში არსებულ პირებთან და დროის რა მონაკვეთი დაჰყვეს თანამშრომლებმა შემდგომში სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. რა მომენტიდან იწყება დაინფიცირება და სხვა. ამ ყველა კითხვას მკაფიო პასუხი სჭირდება, რათა აღარ გაიზარდოს სებ-ის კლასტერი და ცენტრალური ბანკის მუშაობას არ შეექმნას გამოწვევა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კითხვაზე, ვინ აგებს პასუხს სებ-ის კლასტერის მასშტაბზე და მის შემდგომ შესაძლო ზრდაზე და შემთხვევა წარმოადგენს დასაქმებული პირების დაუდევრობას თუ სებ-ის ხელმძღვანელი პირების უშუალო პასუხისმგებლობის საკითხს, განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, უნდა დადგეს ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საკითხი. მისი თქმით, მსჯელობა უნდა დაექვემდებაროს იმ პრინციპიდან გამომდინარე რეალობას, როდესაც ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შესაბამისად, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ერთის მხრივ დაიცვას თანამშრომლის ინტერესები, მეორეს მხრივ, აუცილებელია, გაირკვეს, რამდენად უზრუნველყო ქვეყნის მთავარმა ბანკმა დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკის მასშტაბური კლასტერი, შესაძლოა, მასშტაბური სამსახურეობრივი დაუდევრობის შედეგიც იყოს.

ეს შთაბეჭდილება რჩება იმდენად, რამდენადაც ირკვევა, რომ კოლექტიური თვითიზოლაცია ეროვნული ბანკის მიერ, როგორც ჩანს, პირდაპირი მნიშვნელობით იქნა გაგებული და იმ მომენტისთვის იზოლირებას დაქვემდებარებული ყველა პირი (სულ 7, თუ 9 ადამიანი) ეროვნული ბანკის მიერ საამისოდ დაქირავებულ ერთ ბინაში, ანუ ერთიან საკარანტინე სივრცეში იქნა განთავსებული. ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც როგორ უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ სახსრების ეკონომიის მიზნით იქნა მიღებული, შედეგად რა სავალალო ვითარებაც მოიტანა, ყველა ხედავს.

მისივე თქმით, სებ-ში კლასტერის გამოწვევებსა და დასაქმებული თანამშრომების უსაფრთხოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი 90% დისტანციურ მუშაობაზე იმყოფება, პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნული ბანკის საბჭოს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც იმავდროულად სებ-ის საბჭოს თავმჯდომარეა. იურისტი მიიჩნევს, რომ საკუთარ ინსტიტუციაში ვირუსის აფეთქება ნამდვილად წარმოადგენს იმ ხარისხის მოვლენას და გამოწვევას, რომლის გამოც აუცილებელია სებ-ის საბჭოს სხდომის ორგანიზება და მისი თუნდაც დისტანციური წესით ჩატარება, რათა საბჭოს ეგიდით გაეცეს ყველა არსებულ კითხვას პასუხი.

მხოლოდ კომუნიკაციის მაღალი ხარისხით და უხერხულ და არასასიამოვნო კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემით და პასუხისმგებლობის თავიდან არ არიდების პოლიტიკით თუ მოახერხებს ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი იმ რეპუტაციული რისკების განეიტრალებას, რაც მას ეროვნული ბანკის კლასტერის არსებობამ, როგორც ფაქტმა, შეუქმნა. 



კომენტარები