ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ახალი კორონავირუსის გამო, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში წამოჭრილ მნიშვნელოვან პრობლემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ და უნივერსიტეტებმა ერთობლივი ძალისხმევით, სტუდენტების სწავლის გადასახადის გადავადების პირობებზე უნდა შეთანხმდნენ, რადგანაც ცალკეული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, შექმნილი რთული ეკონომიკური შედეგების გამო, სწავლის საფასურის გადაუხდელობის წინაშე აღმოჩდნენ, უმაღლესი სასწავლებლები არ ცვლიან სწავლის გადასახადის დადგენილ წესს, რაც სტუდენტური საზოგადოებისთვის სრულ კოლაფსს წარმოადგენს და ქვეყანაში სტატუს შეჩერებული სტუდენტების რიცხვს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, უმაღლესი განათლების საფასურის გადახდის საკითხი სტუდენტთა გარკვეული ნაწილისათვის, უკვე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მით უმეტეს, ქვეყანაში არსებული მწვავე სოციალური კრიზისის ფონზე, სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა მზარდია. დაწესებულებები, არსებული ვითარების ფარგლებში, რომელთა წინაშეც საზოგადოების ნაწილი ფინანსურ ვალდებულებაში იმყოფება, მოქალაქეებს საშეღავათო პირობებს, გადავადების შესაძლებლობასა თუ გადახდის მოქნილ გრაფიკს სთავაზობენ, თუმცა, უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში, სწავლების საფასურის კვლავ დადგენილი, სტანტარტული წესით ხდება გადახდა და არ ხორციელდება რეაგირება საგანგებო მდგომარეობის შედეგად შექმნილი გამოწვევების შესაბამისად.
რასაკვირველია, საფასურის ოდენობა უნივერსიტეტებს შორის, გარდა სახელმწიფო დაწესებულებებისა, განსხვავებულია. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა საგადასახადო სისტემა, რომელიც რიგ შემთხვევაში, ითვალისწინებს ცალკეულ სტუდენტთა ინდივიდუალურ ინტერესებს, ზოგჯერ კი - არა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით სწავლის საფასური. ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში, მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები. დღევანდელი მდგომარეობით, უმაღლესი განათლების წლიური საფასურის მინიმალურ ოდენობას შეადგენს 2250 ლარი (გარდა სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევებისა). ეს ეხება ძირითადად სახელმწიფოს დაქმედებარებაში არსებულ დაწესებულებებს. რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, რა თქმა უნდა, სწავლების საფასურის ოდენობა გაცილებით მაღალია და ზოგჯერ, სამწუხაროდ, ნაკლებად ითვალისწინებს იმ საზოგადო საჭიროებას, რასაც სტუდენტზე მორგებული საგადასახადო სისტემა ჰქვია.
აღნიშნული პრობლემა დღესდღეობით მეტად აქტუალურია. უპირველესად, იმ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებსაც სტატუსი უკვე აქვთ შეჩერებული სწავლის საფასურის გადახდის შეუძლებლობის გამო ან რომლებიც მიმართავენ სასწავლებელს საფასურის გადავადებისა თუ განწილვადების მოთხოვნით. ორგანიზაციის ბოლო შესწავლის შედეგების თანახმად, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, ქვეყანაში სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-ს შეადგენდა, რაც ცალსახად საგანგაშო მაჩვენებელია. 2013 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 28 055 შეადგენდა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 33 575-მდე გაიზარდა, 2016 წელს 35 841 შეადგინა, 2017 წლის მონაცემებით კი - 38 104. დასახელებულ პერიოდში შეინიშნებოდა რაოდენობის საშუალოდ 2000-დან 5000-მდე ზრდის ტენდენცია, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებით, ფიქსირდება რაოდენობის 10 547-ით ზრდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ქვეყანაში არსებული დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, კერძოდ საგანგებო მდგომარეობისა და გარკვეული სოციალური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო მეტი სტუდენტს შეეხო აღნიშნული პრობლემა. გამომდიანრე იქიდან, რომ პანდემიის გავრცელებამ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეუქმნა, ობიექტური მიზეზების გამო, გაიზარდა სტუდენტთა მიმართვიანობა სწავლების საფასურის განწილვადებისა თუ გადავადების მოთხოვნაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა თუ დაწესებულებებმა გაითვალისწინეს საგანგებო მდგომარეობის თანმდევი მოვლენები და კრიზისული ფონი, მაქსიმალურად ცდილობენ მოქალაქეებს ფინანსური შეღავათები დაუწესონ, უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა, ამ თემაზე, დუმილს ირჩევს და არ რეაგირებს. ამჟამად, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ სტანდარტული საშეღავათო პირობებით, რომელიც არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამო, არამედ მუდმივად არსებობს.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ცალკეულ უმაღლეს სასწავლებელთა მიდგომა სწავლის საფასურის გადასახადის საშეღავათო პირობების შესახებ. რა თქმა უნდა, წლიური საფასურის სემესტრული წესით გადახდა, კერძოდ საერთო რაოდენობის 2 ნაწილად გაყოფა, თითქმის ყველგან შესაძლებელია, თუმცა, განსხვავებული მიდგომაა სემესტრული გადასახადის განწილვადებასთან დაკავშირებით.
სწავლების საფასურის გადავადებისა და განწილვადების შესახებ შესაბამისი წესები და პირობები უმაღლეს სასწავლებელთა მიერ გამოცემულ ბრძანებაშია ასახული. თითოეულ შემთხვევაში, ისინი განსხვავებულია. მაგალითისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, რექტორის N 02/01-01, 24.01.2012 ბრძანება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ სწავლების საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გრაფიკით. სემესტრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება აქვთ მხოლოდ დავალიანების დაფარვის შემდეგ. ამ შემთხვევაში, საუბარია მხოლოდ განწილვადებაზე და არა - გადავადებაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლების საფასურის საშეღავათო პირობებით გადახდას ცალკეული მოწყვლადი ჯგუფებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში კი, სწავლის დაწყებამდე, სექტემბრის თვეში, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელშიც სტუდენტი თავად სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს. ამასთან, სხვა წესი მოქმედებს საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც 2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს ანიჭებს გადასახადის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობას, ვადის გადაცილება კი იწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას, რის შესახებაც სტუდენტს ეძლევა შეტყობინება 1 კვირით ადრე.
ამდენად, როგორც ზემოთხსენებული მაგალითებიდან ირკვევა, სწავლების საფასურის დაგვიანებით გადახდა იწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას. ობიექტურად თუ შევაფასებთ, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, რადგან სტუდენტმა თავის მხრივ ჯეროვნად უნდა შეასრულოს საკუთარი ფინანსური ვალდებულება უნივერსიტეტის წინაშე, თუმცა, გონივრული იქნება, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები მოერგებიან ქვეყანაში არსებულ რეალობას, გაიზიარებენ არსებულ გამოწვევებს და დაადგენენ გარკვეულ საშეღავათო პირობებს სწავლების საფასურის გადავადებასთან დაკავშირებით.