კვლევის პრეზენტაცია და მრგვალი მაგიდა

4 ოქტომბერი, 2013

თბილისში თემაზე: „რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში“ კვლევის პრეზენტაცია და მრგვალი მაგიდა გაიმართება

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 6 ოქტომბერს თემაზე: „რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში“ კვლევის პრეზენტაციას და მრგვალ მაგიდას გამართავს. ორგანიზაცია წარმოადგენს რეკომენდაციების პაკეტს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მიმართ. კვლევაში ფართოდაა განხილული ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი სირთულეების ანალიზი. მომზადებული დოკუმენტი მცდელობაა, უპასუხოს კითხვებს: რამდენად ობიექტურია დასახელებული წინაპირობები, რომელიც კონფესიებს შორის დაძაბულობას და შეუმწყნარებლობას იწვევს, რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემები აჩვენებს რეალურ დაპირისპირებას თუ მიუთითებს საკითხის ხელოვნურ გამწვავებაზე, რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, რა პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს საპატრიარქოს, ცალკეულ კონფესიებსა და სამთავრობო უწყებებს რელიგიურ ნიადაგზე არსებულ შესაძლო პრობლემების გადაჭრისათვის, რამდენად დაინტერესებულია რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტით ისლამური სახელმწიფოები, აქტიური სოციალური ჯგუფები და საქართველოსთან მტრულად განწყობილი ქვეყნები, რა ეროვნული მექანიზმი და რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო დაძაბულობების პრევენცია და ქვეყანაში არსებობდეს თანასწორუფლებიანი აღმსარებლობის გარემო, სხვა.

ორგანიზაციამ საკითხთან დაკავშირებით, რვა რეკომენდაცია შეიმუშავა. კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხის სპეციალისტები, უფლებადამცველები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება სასტუმრო „ვერე პალასში“, 14:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები