ჩეხი ბიზნესმენი პრეზიდენტს - „გთხოვთ, დაიცვათ ჩემი ოჯახი სახელმწიფო უწყებების ძალმომრეობისგან“

13 ივლისი, 2020

ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენი, პრჟემისლ ანტონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო უწყებების თვითნებობის აღკვეთას, ოჯახის უსაფრთხოების დაცვას და დარღვეული უფლებების აღდგენაში დახმარებას სთხოვს. ბიზნესმენმა აღნიშნულის შესახებ სპეციალური განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მედიისთვის გააკეთა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, რომელიც პრჟემისლ ანტონის ოჯახის კანონიერ ინტერესებს წარმაოდგენს, ბიზნესმენის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, უცვლელად ავრცელებს:

“მე ჩემს ქალიშვილთან და დედასთან ერთად, 2016 წელს ჩამოვედი საქართველოში, რომელიც ჩემი რწმენით არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის დაწყებისთვის, განვითარებისთვის, ახალი შესაძლებლობებისა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. გავეცანი ქვეყანას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახი საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოსულიყო. 2017 წლის ბოლოს, სამუდამოდ გადმოვედი საქართველოში, მივიღე ყველა ნებართვა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისთვის და ჩემი ბიზნეს-საქმიანობა გავაგრძელე საქართველოში, რადგანაც გარემო, სადაც მიწევს საქმიანი ურთიერთობები, მენტალობა, კულტურული გამოცდილება და ქვეყნის სამართლებრივი სისტემა, სრულად მისაღები და დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ჩემი და ჩემი ოჯახის გადაწყვეტილებისთვის.

ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობასა და ევროკავშირსი მის ინტეგრაციას და პირადად მეც ამ პროცესის დიდი მხარდამჭერი ვარ.

დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა, ანგარიშვალდებული და მოსალოდნელი საჯარო უწყებები - ეს არის ის მთავარი მოტივაცია და ღირებულებები, რომელიც საქართველოში უცხოელების უფლებების დაცვას და საქართველოს მიმზიდველობას განაპირობებს, მაგრამ ამ გზაზე მე და ჩემი ოჯახი განსაკუთრებული და კონკრეტული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. შარშან, 2019 წლის 25 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ჩვენთან მოვიდა პოლიცია არაიდენტიფიცირებადი მანქანით და არასრუწლოვან შვილთან ერთად, მოითხოვა ჩვენი მანქანაში ჩასხდომა, ყოველგვარი განმარტებისა, დოკუმენტის წარმოდგენისა და თარჯიმნის გამოძახების გარეშე. ჩვენ განვლეთ გზა მარტვილიდან ბათუმამდე, ისე, რომ არავინ იცოდა, რას მოითხოვდნენ ისინი ჩემგან. პოლიციამ მოახდინა ჩვენი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რის გამოც, ჩვენ მივმართეთ აჭარის პროკურატურას და ამჟამად მიმდინარეობს საქმის განხილვა პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე. 10 თვის შემდეგაც კი არც ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეჩერებული არ აქვს. უცნობია, ეს იყო ჩემს მიმართ პოლიციის დამოუკიდებელი მოქმედება, რომელიც ემსახურებოდა, ჩემი, როგორც საქმიანი ადამიანის დაშინებას რაიმე სარგებლობის მიღების მიზნით თუ პოლიცია მოქმედებდა ჩემი მეუღლის პირადი მხარდამჭერის დავალების საფუძველზე, რომელთანაც ამ დროისთვის, აღარ მაკავშირებდა ფაქტობრივი თანაცხოვრება.

აღნიშნულმა შემთხვევამ სრულად შეცვალა ჩემი წარმოდგენები საქართველოს უსაფრთხო გარემოზე და იძულებული გავხდი, ჩემი და ჩემი ოჯახის, მათ შორის ბავშვის ინტერესებისთვის, დამექირავებია კერძო დაცვა. სწორედ ამ პერიოდისთვის, შურისძიების მოტივით, კვიპროსიდან საქართველომ მიიღო საჩივარი, სადაც ჩემი მეუღლე - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ქართული წარმომავლობის მქონე ოლივია თათარაშვილი-ანტონი, მოითხოვდა შვილის კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნებას და ბრალს მდებდა ბავშვის თანხმობის გარეშე გადაადგილებაში. ეს საქმე ქართულ სასამართლოში ახლა განიხილება და საქმის დეტალების გაცნობა მნიშვნელოვანი არ არის, რადგანაც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის რეალობა, რომელიც სრულად მიკარგავს რწმენას, რომ საქართველოს მთავრობის სამინისტროებს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებები, ახდენენ ისეთ გადაწყვეტილებებს და სჩადიან ისეთ მოქმედებებს, რომელიც არ შეეფერება საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულ სახელმწიფოს და ასეთი ადმინისტრაციული მოხელეების თვითნებობა ძირს უთხრის საქართველოში უცხოელი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

2020 წლის 2 ივლისს, ჩემს წინააღმდეგ საქართველოს პოლიციისა და საქართველოს სოციალური სამსახურის მხრიდან განხორციელდა ერთობლივი, წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სპეცოპერაცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა ჩემი შვილის ჩემგან მოშორება და ოლივია ანტონისთვის გადაცემა. ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგო საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს ისე, რომ პოლიცია ამ დრომდე არ ინტერესდება, თუ სად არის ბავშვი და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს. პრაღის სასამართლომ დაადასტურა, რომ დედა არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მან არაერთგზის დააყენა ბავშვი სიცოცხლე მოსპობის წინაშე, ვერ შეძლო აღზრდის უნარ-ჩვევების გამოვლინება, ადგილი ჰქონდა ამორალური ცხოვრების წესის განხორციელებას, მაშინ, როდესაც დაბადებიდან ჩემს შვილს ბებიასთან ერთად ჩვენ ვზრდიდით და ჩეხეთში ხელმოწერილი მეურვეობის დოკუმენტით, დადასტურებულია მის მიმართ ჩემი ექსკლუზიური მზრუნველობა. სოციალურმა სამსახურმა ქალბატონი ნინო იობაშვილის და ბატონი გიორგი ეპიტაშვილის შეთანხმებული მოქმედებებით, ვინაიდან ჩემს ცხოვრებისეულ ბიოგრაფიაში არ არსებობს საწინააღმდეგო მტკიცება, პოლიციასთან შეთანხმებით, ბრალი დამდეს ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფაში, მიიღეს შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება, ბავშვი ძალისმიერად გადააადგილეს უცნობი ადამიანების ოჯახში. მე მივმართე სასამართლოს და მოვიგე დავა - სასამართლომ 29 ივნისს გააუქმა ორდერი, მაგრამ ამ დრომდე ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია. მასთან არ გამაჩნია არავითარი კონტაქტი. პოლიციას არ შესწევს ძალა მიიღოს გადამჭრელი ზომები, სოციალური სამსახური კი სდუმს.

დღეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ ვგრძნობთ, ვინაიდან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური სამსახურის ქმედებების შედეგად, პოლიციის დაბალი რგოლის მოხელეების მონაწილეობით, დედა ცდილობს ბავშვი ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონის - ცხინვალის გავლით გაიყვანოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში. ოლივია ანტონია თავის ქართველ ნათესავებთან ერთად, გამოთქვამს სეპარაციულ სურვილს, რომ არასრუწლოვანი არალეგალურად გაიყვანოს კანონიერი საზღვრიდან არაკონტროლირებადი რეგიონის ე.წ. საზღვრის საშუალებით. ვიანიდან ოლივია ანტონი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, არალეგალური და იმავდროულად, ადმინისტრაციული მნიშვნელობის საზღვრის კვეთა მისთვის არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. შესაბამისად, ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენა, მთლიანად, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქმნება, ერთის მხრივ არსებითი საფრთხე იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი შედეგის მქონე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, მეორეს მხრივ ვერც საქართველომ, ვერც კვიპროსისა და შემდგომში, პოტენციურად - ჩეხეთის რესპუბლიკამ ვერ დაიბრუნეს საკუთარი არასრუწლოვანი მოქალაქე.

ეს რეალობა დადგა ქართული სოციალური სამსახურის და მასთან აფილირებული პოლიციის მოხელეების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად. ისინი ხელს უწყობენ ჩემი ოჯახის იძულებას დავტოვო საქართველო, რადგანაც ქართული წარმომავლობის მქონე ჩემმა მეუღლემ ან ანგარებით ან ნეპოტიზმის საფუძველზე, შეძლო სოციალური სამსახურის კეთილგანწყობის მიღება. მათ აქვთ დანაშაულებრივი აზროვნება, რომ თითქოს ყველა კაცი არ არის ღირსი შვილი აღზარდოს ან ყველა კაცი მოძალადეა. ამ უკანონო გადაცდომებზე სდუმს ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი, რომელიც სრულად ინფორმირებულია ფაქტებზე. არ ვიცი როგორ, რა კავშირებით, მაგრამ მათ მოახერხეს და გააჩერეს საქმის გამოძიება პროკურატურაში, რომელსაც ჭეშმარიტება უნდა დაედგინა ჩემი და ჩემი შვილის გატაცებაზე. გაგარინის პოლიციის განყოფილება 8 თვეა აჭიანურებს ყალბი მტკიცებულებების საქმის გამოძიებას. კერძოდ, ჩემმა მეუღლემ სასამართლოში წარადგინა ყალბი მტკიცებულებები, თითქოსდა დასაქმებული იყო კვიპროსში და გააჩნდა ქირის ხელშეკრულებაც. მე საწინააღმდეგო მტკიცებულებებით დავამტკიცე, რომ მან სასამართლოს, წინასწარი შეცნობით, მიაწოდა ფეიქ-დოკუმენტები. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ორი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, პოლიციას კი არ აქვს ორგანული ინტერესი, საქმე გამოიძიოს და აღადგინოს სასამართლოს რეპუტაცია.

თუ ასე გაგრძელდა, მე იძულებული ვარ დავტოვო საქართველო, დავბრუნდე მშობლიურ ჩეხეთის რესპუბლიკაში, დავხურო ჩემი ოფისი, უარი ვუთხრა ქართველ დასაქმებულებს და ბიზნესი ისევ გადავიტანო სხვა ქვეყანაში. პრეზიდენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, საქართველოს მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოში უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი. მე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, წერილობით მოგმართავთ ქალბატონო პრეზიდენტო და გთხოვთ, მიიღოთ ჩემთან შეხვედრის გადაწყვეტილება და პირადად შემხვდეთ მე. მოგმართავთ, დაინტერესდეთ, რატომ ვიდევნები საქართველოში იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც უნდა იდგნენ კანონის დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, მოგმართავთ, დაიცვათ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, ჩემი შვილის უსაფრთხოება, დამეხმაროთ, რათა მოვძებნო ჩემი შვილი. დღეს პატარა 6 წლის გოგონა არ არის უსაფრთხო გარემოში და ბოლო 40 დღის განმავლობაში მას აქვს სტრესული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიეცით ნათელი მაგალითი ყველას, რომ ქვეყანაში არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება ნამდვილად ბავშვზე ორიენტირებულია, დაინტერესდეთ, რატომ არ იძიებს პროკურატურა და პოლიცია ჩემს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, რატომ არავინ აგებს პასუხის დაბალი რანგის მოხელეების სამსახურეობრივ გადაცდომებზე, გთხოვთ, დაიცვათ ბავშვი საქართველოდან გატაცებისგან და დაიცვათ ჩემი ოჯახი სახელმწიფო უწყებების ძალმომრეობისგან”- ნათქვამია პრჟემისლ ანტონის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს: ნატალია ნაზღაიძე (თავმჯდომარე), მაია სულხანიშვილი, მაია გიგაური, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმე - ირინა ზარქუამ განიხილა.



კომენტარები