ჩეხი არასრულწლოვანი ქართველ მოსამართლეებს - „I choose Georgia! Georgia is my second European homeland!“

26 ივლისი, 2020

„Hello, I'm Vanessa, and I choose Georgia! Georgia is my second European homeland!“ („გამარჯობათ, მე ვარ ვანესა, და ვირჩევ საქართველოს! საქართველო ჩემი მეორე ევროპული სამშობლოა!“) - ასე მიმართავს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანი ქართველ მოსამართლეებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელიც 2020 წლის 27 ივლისს, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ბავშვის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე, არსებით განხილვას ასრულებს და სასამართლო, წარდგენილი მტკიცებულებების, ახალი გარემოებების კვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, უფლებამოსილია შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადოს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 6 წლის არასრულწლოვნის მამა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქეა, დედა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ოჯახი ჯერ ცხოვრობდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, შემდეგ კვიპროსის რესპუბლიკაში, თუმცა 2017 წლიდან ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად აერჩიათ საქართველო. 2018 წლიდან, არასრულწლოვანი, მამა და ბებია საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში, დედა კი ცხოვრებას აგრძელებდა კვიპროსის რესპუბლიკაში. არასრულწლოვანის არაჯეროვანი აღზრდისა და დედის ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო, მამა საქართველოში გადაწყვიტა განქორწინების დავის წარმოება, რამაც მეუღლის შეურიგებელი პოზიცია გამოიწვია. განქორწინების პროცედურები საქართველოში დაიწყო 2019 წლის ივნისში, 2019 წლის აგვისტოში კი კვიპროსის რესპუბლიკაში მყოფმა ქალბატონმა მიმართა ამავე ქვეყნის იუსტიციისა და საჯარო წესრიგის სამინისტროს და განაცხადა, რომ შვილის ადგილსამყოფელს ვერ პოულობდა და მამას თანხმობის გარეშე ჰყავდა გადაადგილებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამა, შვილი და ბავშვის ბებია საქართველოში დაბრუნდნენ 2018 წლის 4 დეკემბერს. მეუღლეებს შორის სოციალური ქსელის მიმოწერებით მტკიცდება შვილის ადგილმდებარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების ფაქტებიც. შესაბამისად, საქმის მასალების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ 2019 წლის აგვისტოს თვეში ბავშვის გაუჩინარებაზე განცხადება უსაფუძვლო და მეუღლის მიმართ სამართლებრივი პრობლემების შექმნის მიზანს ემსახურებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი კვიპროსის რესპუბლიკაა, მაგრამ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევით. მოუსმინა, მაგრამ არ გაითვალისწინა საცხოვრებელი ადგილის შესახებ ბავშვის პოზიცია, საქართველოს საცხოვრებლად არჩევის დასაბუთება, ადაპტაცია და გარემო. გადაწყვეტილება დაეფუძნა დედის წარდგენილ ორ მტკიცებულებას - კვიპროსში საცხოვრებელი ადგილისა და დასაქმების შესახებ ცნობებს, მაგრამ საქმის სააპელაციო ეტაპზე განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტები ყალბია - სასტუმრო დასაქმების კონტრაქტის არსებობას უარყოფს და ოფიციალური წესით არ იძებნება ქუჩა და შენობა, რომელიც ოლივია ანტონსს საცხოვრებელ მისამართად ქირის ხელშეკრულებაში აქვს  მითითებული.

არასრულწლოვანის მამის ოჯახი უარს აცხადებს არასრულწლოვანის კვიპროსში ნებაყოფლობით დაბრუნებაზე და მათ აქვთ ყველა ვარგისი მტკიცებულება დაამტკიცონ, რომ არასრულწლოვანი არამართლზომიერად არ იმყოფება საქართველოში და არც უკანონოდ დაკავებულ პირს წარმოადგენს. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, რომელიც ზრუნავს და უქმნის მას ყველა პირობას, რათა დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათაანდო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება.

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილებით, დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული. სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრულწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს: ნატალია ნაზღაიძე (თავმჯდომარე), მაია სულხანიშვილი, მაია გიგაური, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმე - ირინა ზარქუამ განიხილა. მხარე ვარაუდობს, რომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იმ საფუძვლებითაც დადგა, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება კანონით მკაცრად დადგენილ 6-თვიანი ვადის ბოლო დღეს გამოიტანა. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, აღნიშნული დავის სახით, ქართული სასამართლო მეოთხე დავას განიხილავს. არასრუწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის - მამის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.



კომენტარები